დღეს ჩვენი განათლების სისტემა, განსაკუთრებით მე მაქვს საუბარი უმაღლესი განათლების სისტემაზე, პირდაპირ აწარმოებს უმუშევარ ადამიანებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალსიტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
პრემიერმა ისაუბრა განხორციელებულ რეფორმებზე და აღნიშნა, რომ სასამართლო ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. რაც შეეხება ჯანდაცვას და განათლებას, მისი შეფასებით, ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.
”განათლებას რაც შეეხება, გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, თუმცა კიდევ ბევრია გადასადგმელი. დღეს ჩვენი განათლების სისტემა, განსაკუთრებით მე მაქვს საუბარი უმაღლესი განათლების სისტემაზე, პირდაპირ აწარმოებს უმუშევარ ადამიანებს. მე შემიძლია მოგიყვანოთ ჩემი შვილების მაგალითი, რომლებსაც ჩემი დიდი მცდელობის შედეგად, ვერ შევძელი გადამერწმუნებინა, რომ არ აერჩიათ ბიზნესის სპეციალობა. მე საერთოდ არ მესმის 4 წელი ბაკალავრის დონეზე რატომ უნდა ისწავლოს ადამიანმა ბიზნესი. ის უნარ-ჩვევები, რომელსაც შეიძენენ, არ ემყარება უფრო ფუნდამენტურ კარგ განათლებას. ბევრი შვილი მყავს და სხვადასხვა მიმართულებით წავიდნენ, მაგრამ პირველი სამი შვილი წავიდა ბიზნესის სპეციალობით. მე ვფიქრობ, ეს არის ჩემთვისაც კატასტროფა, იმიტომ, რომ ვერ დავაჯერე, რომ კონკრეტული სპეციალობა აერჩიათ”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ბევრი ადამიანი ამთავრებს ამ სპეციალობას, შემდგომში ისინი არიან უმიმართულებოდ და ბევრი რჩება უმუშევარი. პრემიერი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ საკუთარი რესურსი უნდა დახარჯოს იმ მიმართულებებზე, რომელიც დღეს ყველაზე მეტად არის საჭირო. მისივე თქმით, ზუსტი დაბალანსება შეუძლებელია, მაგრამ უფრო მეტი სიზუსტით უნდა მოხდეს განსაზღვრა და შესაძლებელი გახდება უმუშევრობის შემცირება.
”ეს ადამიანები აღარ ეგუებიან იმ აზრს, რომ მათ უნდა მიიღონ პროფესიული განათლება და ეს არის საზოგადოების ტრაგედია და ძალიან მნიშვნელოვანი რადიკალური ცვლილებაა საჭირო აქ”, - განაცხადა პრემიერმა.