სასამართლოს რეფორმა ყველაზე დიდი თავის ტკივილია

სასამართლოს რეფორმა ყველაზე დიდი თავის ტკივილია

სასამართლოს რეფორმა ყველაზე დიდი თავის ტკივილია, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან ლევან მურუსიძის წარსულსა და დღევანდელ თანამდებობას ეხებოდა.

”მე ვფიქრობ, რომ რეფორმები ბოლომდე მიყვანილი არ არის, არც პროკურატურის რეფორმაა ბოლომდე მიყვანილი, არც სამართალდამცავი ინსტიტუტების რეფორმა და მით უმეტეს არ არის ბოლომდე მიყვანილი სასამართლო რეფორმა. სასამართლოს რაც შეეხება, ეს არის ყველაზე დიდი თავის ტკივილი, არ დაგიმალავთ, ვინაიდან განცდა, რომელიც სასამართლოს შემთხვევაში არის და რომელიც საზოგადოებაში არის, მეც მაქვს. მეც გამაჩნია განცდა, რომ ამ მიმართულებით რაღაც არის შესაცვლელი. სამწუხაროდ, მე არ მქონია საკმარისი დრო, რომ სიღრმეებში ჩამეხედა ამ მიმართულებით. მე მაქვს აქტიური განხილვა სასამართლო რეფორმის”, - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ უახლოეს მომავალში კამპანიაში ”ეს შენ გეხება” მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

პრემიერის თქმით, ის სასამართლოს რეფორმის მიმართულებით ნებისმიერ წინადადებას მოისმენს.