ძალიან დიდი საშინელებაა, რომ წამების კადრები არსებობს, მაგრამ არანაკლები საშინელებაა, ღია სივრცეში მათი ჩვენება

ძალიან დიდი საშინელებაა, რომ წამების კადრები არსებობს, მაგრამ არანაკლები საშინელებაა, ღია სივრცეში მათი ჩვენება

ძალიან დიდი საშინელებაა, რომ კადრები არსებობს, მაგრამ არანაკლები საშინელებაა, რომ ღია სივრცეში ეს კადრები ვაჩვენოთ”, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერს ”ტაბულას” რედაქტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა პარლამენტის ტრუბუნიდან გაჟღერებული დაპირება შეახსენა, რომ ის დაინტერესდებოდა გურიის გუბერნატორის, გია სალუქვაძის სავარაუდო ორგანიზებით, ქალაქის ცენტრში წამების ამსახველი კადრების საჯარო ჩვენების საკითხით.

”მე გადავამოწმე არსებობდა თუ არა ასეთი მონაცემები, გურიის გუბერნატორის უშუალო მონაწილეობით. ასეთი მონაცემები ვერ მოვიძიე, რომ ის უშუალოდ მონაწილეობდა ამ ჩვენების მოწყობაში. საკადრო ცვლილებები აქამდეც ხორციელდებოდა და აწიც არ არის გამორიცხული, მაგრამ ეს უნდა იყოს სამართლიანი. თუ დადასტურდება, რომ სალუქვაძე პირადად ახდენდა ორგანიზებას წამების კადრების საჯარო ჩვენებისა, გიდასტურებთ, ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად მივიღებ”, - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, პირადად მისთვის ეს არის ამაზრზენი ფაქტი. ”ეს კადრები რომ ბუნებაში არსებობს, თავისთავად ამაზრზენი ფაქტია. კიდევ უფრო შემაშფოთებელია ჩვენი ოპონენტების ლიდერის განცხადება, რომ ამ კადრებს რომ არ აჩვენებდნენ, ეს ყოფილა საკმარისი იმისთვის, რომ მათ მოეხსნათ პასუხისმგებლობა. ძალიან დიდი საშინელებაა, რომ კადრები არსებობს, მაგრამ არანაკლები საშინელებაა, რომ ღია სივრცეში ეს კადრები ვაჩვენოთ. საერთოდ მგონია, ის, რომ დღეს ჩვენი უშიშროება 24 საათის განმავლობაში მორიგეობს, რომ ეს კადრები სადმე არ გამოჩნდეს და თუ სადმე დღე ან ღამე გამოჩნდება, მაშინვე დაბლოკონ, ეს თავისთავად არის მარაზმი, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ვიმყოფებით რეალობაში, რომ ამ კადრების გავრცელება მოესწრო და ეს რეალობა გვაქვს”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერი ვარაუდობს, რომ ამ კადრების გავრცელების ერთადერთი მიზანი ხელისუფლების მიერ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა. ”ჩვენ დავამკვიდრებთ უფრო მაღალ სტანდარტს და ეს იქნება უფრო მეტი პატივისცემა ჩვენი მოქალაქეების მიმართ. ასეთ საჯარო ჩვენებას თქვენ ვეღარ ნახავთ იმ პირობებში, ვიდრე მე ვარ პრემიერ-მინისტრი”, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.