სამართლიანობის აღდგენა ჩვენ წინაშე არსებულ გამოწვევად რჩება

სამართლიანობის აღდგენა ჩვენ წინაშე არსებულ გამოწვევად რჩება

სამართლიანობის აღდგენა ჩვენ წინაშე არსებულ გამოწვევად რჩება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პროცესის ტემპთან დაკავშირებით შენიშვნები მასაც აქვს.

”სამართლიანობის აღდგენა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხია, რომელიც შეიძლება გამოწვევად რჩებოდეს ჩვენს წინაშე. მე არ დაგიმალავთ, რომ ემოციურად ბევრჯერ მქონია მომენტი, როცა სხვა გადაწყვეტილების მიღების სურვილი მქონია, მაგრამ, სამწუხაროდ, სახელმწიფო ბიუროკრატიას გააჩნია თავისი სამართლებრივი ჩარჩოები. გეთანხმებით, რომ მანქანების დაბრუნება სამართლიანობის აღდგენისთვის არ არის საკმარისი, თუმცა ალბათ არ იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება, რომ ჩვენ კამპანიური ხასიათი მიგვეცა ქონებების დაბრუნებისთვის, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებით ჩვენ გავხსნიდით შემდგომი იურიდიული განხილვების დაუმთავრებელ პროცესს, როდესაც უკვე მომავალი მფლობელები იქნებოდნენ სარჩელის ობიექტები. ამიტომ, ვფიქრობ, რომ იმ სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, რომელიც პროკურატურის ფარგლებში მოხდა, სამართლებრივად სწორია. მეც გამაჩნია განცდა, რომ შესაძლოა ეს პროცესი დასაჩქარებელი იყოს და ამ მიმართულებით ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, სახელმწიფოს ყოველთვის გააჩნია სამართლებრივი ჩარჩოები. გეთანხმებით, დღეს ბევრი ადამიანი ცხოვრობს იმის შეგრძნებით, რომ მის მიმართ სამართლიანობა დარღვეულია. პირობას ვიძლევი, რომ მაქსიმალურად შევეცდებით, ეს პროცესი დავაჩქაროთ”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.