მაღალი ალბათობით მე ვიქნები იმ გუნდის ლიდერი, რომელიც გავა საპარლამენტო არჩევნებზე და სრულ პასუხისმგებლობას ავიღებ იმ ადამიანებზე, რომლებიც იქნებიან ჩვენი გუნდის წევრები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ მიმართულებით არანაირი სიურპრიზები არ არის მოსალდოენლი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის ერთპიროვნულად დააკომპლექტებს მთელ სიას.
”რა თქმა უნდა მე ვიქნები ლიდერი ამ პროცესშიც, მაგრამ გუნდი იმუშავებს იმაზე, რომ ჩვენ მაქსიმალურად ბევრი თანამედროვე, მომავალზე ორიენტირებული, პროფესიონალი მოვიყვანოთ ამ გუნდში. ამიტომ, მე ვფიქრობ, ეს იქნება გუნდური პროცესი, მაგრამ ამ გუნდის მუშაობის წარმატებაზე პასუხისმგებლობას მე სრულად ავიღებ”, - განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, მას არასოდეს გაჭირვებია ეთქვა, თუ რაიმე ვერ გააკეთა და რა თქმა უნდა, არის მიმართულებები, სადაც შეიძლება ითქვას, რომ მეტის გაკეთება შეიძლებოდა.
”მაგრამ ყველა ასეთ მიმართულებას საკუთარი წინაპირობა და არგუმენტები გააჩნდა, რატომ მოხდა ან ვერ მოხდა. ჩვენ გავიარეთ ძალიან მძიმე ეკონომიკური კრიზისი რეგიონში, ეს იყო გამოწვეული უპირველეს ყოვლისა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებით, შემდეგ იყო სირია. ამ რეგიონში მთლიანად არის ძალიან მძაფრი და მძიმე გამოწვევები, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ. ჩვენ გვაქვს ღია ეკონომიკა და კარგია, იმიტომ, რომ არ ვართ მძევლები ამა თუ იმ ინდუსტრიების. ჩვენ გავიარეთ გამოწვევები და ამ გამოწვევებში ბევრს გავუძელით. მე არ ვამბობ, რომ ეს იყო ფენომენალური მიღწევა, მაგრამ მე ვამბობ, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი მდგრადობის ჩვენება. ეს არ არის პატარა შედეგი. მე არ მაქვს კმაყოფილების გრძნობა, არასოდეს სხვათა შორის და მგონია, რომ მომავალი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია. დღეს ჩვენ გვჭირდება თამამი, გაბედული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ქვეყანაში გარღვევა მოვახდინოთ და მგონია, ამის პოტენციალი გაგვაჩნია”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.