არჩევნებამდე, სავარაუდოდ, იქნება ერთი ან რამდენიმე ცვლილება

არჩევნებამდე, სავარაუდოდ, იქნება ერთი ან რამდენიმე ცვლილება

არჩევნებამდე მე მინისტრთა კაბინეტში მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ვგეგმავ. სავარაუდოდ იქნება ერთი ან რამოდენიმე ცვლილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მთავრობაში იქნებიან როგორც ძველი მინისტრები, ასევე ახალი წევრები. ”არიან უფრო წარმატებული მინისტრები, არიან უფრო ნაკლებად წარმატებული მინისტრები, მაგრამ დღესდღეობით ჩავთვალე, რომ ეს პერიოდი გამევლო მათთან ერთად. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ არჩევნებამდე მე მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ვგეგმავ. სავარაუდოდ, იქნება ერთი ან რამდენიმე ცვლილება. მაგრამ არ მინდა ამაზე მკითხაობა. მე მაქვს ჩემი ხედვები, რომელი მიმართულება არის უფრო წარმატებული და რომელი ნაკლებ წარმატებული.

ჯერჯერობით ეს გადაწყვეტილება ბოლომდე არ მაქვს მიღებული და ვფიქრობ, რომ არჩევნებამდე იქნება დრო იმისათვის, რომ ამ საკითხებზე ვიმსჯელოთ. რაც შეეხება არჩევნების შემდეგ, რა თქმა უნდა მოხდება გუნდის განახლება და რა თქმა უნდა გვეყოლება ძველი გუნდიდანაც წარმომადგენლები და იქნებიან ახალი წევრები ჩვენი გუნდის”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერის თქმით, მთავრობაში მუშაობენ ღირსეული ადამიანები, რომელთაც მნიშვნელოვანი საქმე შეასრულეს კონკრეტულ დროს.

გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს სამინისტროების პორტფელებიც წარუდგინა, სადაც სამინისტროების 3-დან 5-მდე პრიორიტეტია მითითებუილი, რაც კონკრეტულმა მინისტრებმა გამოყვეს საკუთარი სამომავლო თუ შესრულებული საქმიანობიდან. პრემიერის თქმით, სწორედ ამ პრიორიტეტების გამოყოფის გამო, დღეს ყველა მინისტრი კოორდინაციის კუთხით ერთ გუნდად მუშაობს.

”მე შემიძია გითხრათ, რომ ჩვენ ჩავატარეთ მნიშვნელოვანი სამუშაო. მე მინდა წარმოგიდგინოთ თითოეული სამინისტროს პორტფელის განხილვა, რომლის პერიოდშიც განსაზღვრული იქნა 3-დან 5-მდე პრიორიტეტი და კონკრეტული გეგმები.

ეს არის თითოეული სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები. ყველა მინისტრმა დღეს იცის ყველა დანარჩენი მინისტრის პორტფელი და პრიორიტეტი. ისინი ერთიანი გუნდური შემართებით მუშაობენ კოორდინაციის კუთხითაც, რომ ეს გამოწვევები იქნას დაძლეული”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.