საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დაპირებების 100 %-ით შესრულება ბუნებაში არ ხდება. ამის შესახებ კვირიკაშვილმა ”ტაბულას” რედაქტორ თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, სადაც ჟურნალისტმა მთავრობის მეთაურს ხელისუფლების შეუსრულებელი დაპირებები შეახსენა და საჩუქრად ის ბროშურა გადასცა, სადაც წეროვანში და არა მხოლოდ, დევნილების მიმართ გაცემული დაპირებები იყო ჩამოთვლილი, მათ შორის ტარიფების განულება.
”ვფიქრობ, დაპირებების 100 %-ით შესრულება ბუნებაში არ ხდება. რაც შეეხება ტარიფების განულებას, მე ვამბობ, რომ ჩვენი სოციალური უზრუნველყოფის სისტემა მომავალში გახდება უფრო მეტად ფოკუსირებული იმ ფენებზე, რომელსაც ეს უფრო მეტად სჭირდება. მე არ ვიცი სანდოობა იმ ინფორმაციის, რომელიც თქვენ მოგაწოდეს, არ ვიცი რამდენად სიმართლეს შეესაბამება ის ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ასეთი დაპირება გასცა. დღეს ათასნაირი ინფორმაცია ტრიალებს. მე ამ ინფორმაციას გადავამოწმებ. რაც შეეხება დევნილებისთვის სოციალური უზრუნველყოფის დონეს, სწორედ ამიტომ სოციალური სიტემის მნიშვნელოვანი რეფორმაა გასატარებელი”, - განაცხადა პრემიერმა.