NDI-ს ევრაზიის განყოფილების დირექტორი ლორა ჯუიტი მიიჩნევს, რომ კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ „რესპუბლიკური პარტიის“ გასვლის შემდეგ, ახალი კვლევის შედეგები საკმაოდ განსხვავებული იქნება.
მისი თქმით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი ზაფხულში კიდევ ერთ კვლევას ჩაატარებს იმის გასარკვევად, თუ რამდენად შეიცვლება მოსახლეობის განწყობა.
„არჩევნებამდე კიდევ ერთ გამოკითხვას ჩავატარებთ, სავარაუდოდ - ზაფხულში. საინტერესო იქნება, რამდენად შეიცვლება შედეგები. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ცვლილება შეიძლება, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ კითხვაზე პასუხში გვქონოდა. ვგულისხმობ კითხვას - არჩევნები რომ ხვალ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? ალბათ, "რესპუბლიკელთა" მიერ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის გადაწყვეტილების შემდეგ, ამ კითხვაზე საკმაოდ განსხვავებულ პასუხს მივიღებდით. ამიტომ, დაკვირვება საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ დანარჩენ კითხვებზე პასუხს ისევ ლეგიტიმურად ვთვლი. განსაკუთრებით - იმ თემებზე, რაც ქართველებს ყველაზე მეტად აწუხებთ. პოლიტიკური პარტიებისთვის დღეს გამოწვევად რჩება ის ფაქტი, რომ მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას არ გადაუწყვეტია, თუ ვის აძლევს ხმას, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ გარანტირებული მხარდამჭერების საკმარისი რაოდენობა არ ჰყავთ. თუმცა, ეს შესაძლოა დიდ შესაძლებლობადაც აღვიქვათ: არის უამრავი ხმა, რომლის მოპოვების საშუალება ჯერ კიდევ არსებობს. ყველაფერი დამოკიდებულია იმ პლატფორმაზე და პარტიის იმ ლიდერებზე, რომელიც ქართველებს მოეწონება“, - აცხადებს "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ლორა ჯუიტი.