თუ პრემიერმა განკარგულების კონტრასიგნაციაზე მეორედაც უარი თქვა, პრეზიდენტი ვალდებული იქნება არჩევნების თარიღი შეცვალოს

თუ პრემიერმა განკარგულების კონტრასიგნაციაზე მეორედაც უარი თქვა, პრეზიდენტი ვალდებული იქნება არჩევნების თარიღი შეცვალოს

კონსტიტუციონალისტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, კონსტანტინე ჩოკორაიას განმარტებით, 6-თვიან შეზღუდვასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერის იმგვარი ინტერპრეტაცია, რომ არჩევნები შეიძლება 6 თვით გადაიდოს, არასწორია.

როგორც ჩოკორაია აცხადებს, 2016 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები უცილებლად ჩატარდება, ვინაიდან ეს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საკითხია.

”საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდება ოქტომბრის თვეში, ხოლო პარლამენტის უფლებამოსილების ვადად განსაზღვრულია ოთხი წელი. ნებისმიერი ხელოვნური მცდელობა არჩევნების თარიღის თითქოსდა ექვსი თვით გადატანასთან დაკავშირებით, არის ანტიკონსტიტუციური და ხელისუფლების მითვისების მცდელობა. მას შემდეგ, რაც პრემიერმა ხელი არ მოაწერა პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასა და წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით, სულ უფრო აქტუალური გახდა მსჯელობა არჩევნების ვადის ექვსი თვით გადაწევასთან დაკავშირებით, რაც სამართლებრივი ნონსენსია. პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის გუშინდელი საჯარო შეპასუხება, სამართლებრივ და პოლიტიკურ შეფასებას საჭიროებს. კანონის ჩანაწერის, რომლის მიხედვითაც, თუ მთავრობა ზედიზედ ორჯერ არ მოიწონებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, საქართველოს პრეზიდენტს აღარ შეუძლია გადასცეს პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის იმავე შინაარსის სამართლებრივი აქტი მისი განმეორებით უარყოფიდან 6 თვის ვადაში, იმგვარი ინტერპრეტაცია, რომ არჩევნები შეიძლება 6 თვით გადაიდოს, არასწორია. ამ ეტაპზე პრეზიდენტს შეუძლია ხელახლა წარადგინოს აქტი პრემიერთან 10 დღის ვადაში. თუ პრემიერმა კვლავ არ მოაწერა ხელი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, მაშინ პრეზიდენტი ვალდებულია შეცვალოს ის შინაარსობრივად. მაგალითად შეცვალოს არჩევნების თარიღი და წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების ვადა, თუმცა ეს ვადა ვერ გაცდება 2016 წლის ოქტომბერს”, - აცხადებს ჩოკორაია.

მისივე თმით, პრეზიდენტს ასევე შეუძლია, მაისში გამოსცეს არჩევნების თარიღის დანიშვნასთან დაკავშირებული ახალი აქტი, რის შემდეგადაც კონტრასიგნაციისათვის ვადები ხელახლა აითვლება, საქართველოს-პრემიერმინისტრს შეუძლია ხელი არ მოაწეროს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, მანამ სანამ თეორიულად არსებობს შანსი იმისა, რომ საპრლამენტო არჩევნები ოქტომბერში ჩატარდეს.

”თუ პრემიერი კონტრასიგნაციაზე მოტივირებული უარით, ამ თეორიულ შანსაც მოსპობს, ის დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას და შექმნის ხელისუფლების მითვისების საფრთხეს. ეს მისი სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაწყების საფუძველი იქნება. საქართველოს პრეზიდენტი იმ შემთვევაში დაარღვევს კონსტიტუციას, თუ საერთოდ არ დანიშნავს არჩევნებს ოქტომბერში. 2016 წლის ოქტომბერში არჩევნები აუცილებლად ჩატარდება, სხვა შემთვევაში პრეზიდენტი ან პრემიერი, იქნებიან მხილებულნი კონსტიტუციის დარღვევაში და მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება”, - განაცხადა კონსტანტინე ჩოკორაიამ.