შალვა შავგულიძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს ,,თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა შავგულიძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.
როგორც შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ,,ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული და მიღებული საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანას გულისხმობდა, საკონსტიტუცი სასამართლომ არ გაითვალისწინა.
,,საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ,,ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული და მიღებული საკანონმდებლო რეგულაციები, რომელთა თანახმად, სატელეფონო კომუნიკაციის, ასევე ინტერნეტ და საერთოდ ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებით გადაცემულ პერსონალურ ინფორმაციაზე რეალურ დროში წვდომის ტექნიკური შესაძლებლობა - ე.წ გასაღები სამართალდამცავი სისტემისთვის იქნა დატოვებული, რაც შემდეგი საკანონმდებლო ცვლილებებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გადაეცა. სამართალდამცავ სისტემას ასევე უფლება მიეცა მოახდინოს აღნიშნული კომუნიკაციისა და მისი განმახორციელებლი სუბიექტების მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის კოპირება და 2 წლით შენახვა
სასამართლომ მიიჩნია, რომ პირადი ხასიათის ინფორმაციაზე წვდომის ტექნიკური შესაძლებლობების იმ ორგანოსათვის გადაცემა, რომელიც თავად აწარმოებს გამოძიებას ან არის ასეთი ორგანოს უშუალო დაქვემდებარებაში და პროფესიულად არის დაინტერესებული ამგვარი ინფორმაციის მაქსიმალურად მოპოვებაში, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 და მე-20 მუხლებით გარანტირებულ, პიროვნების თავისუფალი განვითარების და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, პერსონალური დაცვის ინსპექტორის და სასამართლოს მხრიდან კანონით გათვალისწინებული კონტროლი, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეფექტური ზედამხედველობა განხორციელდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე, რათა მან არალეგიტიმური მიზნებისათვის და არაპროპორციულად არ გამოიყენოს პირადი ხასიათის ინფორმაციაზე უშუალო და ,,მასიური“ წვდომის ის ფაქტორად შეუზღუდავი ტექნიკური შესაძლებლობა, რომელიც ამ საკანონმდებლო რეგულაციების თანახმად, მის ხელთ იმყოფება.
შალვა შავგულიძის თქმით, კანონპროექტს, რომელიც პარლამენტში განიხილებოდა, ”თავისუფალმა დემოკრატებმა“ თავიდანვე არ დაუჭირეს მხარი.
”ჩვენ იმთავითვე ივუთითებდით იმ საშიშროებაზე, რომ ასეთი რეგულაციები მმართველ პოლიტიკურ ძალას-,,ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობას მიცემდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელთ არსებული, პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის ესოდენ არაკონტროლირებადი შესაძლებლობები გამოეყენებინა არა სახელმწიფო უშიშროებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ლეგიტიმური მიზნების უზრუნველსაყოფად, არამედ საკუთარი პარტიული და პოლიტიკური ინტერესბის მომსახურებისათვის.
სამწუხაროდ, ჩვენი ეს მოლოდინი გამართლდა. მარტო ალექსი პეტრიაშვილის და ეკა მიშველაძის ,,ვაიბერ“ კომუნიკაციის ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება- გავრცელება კმარა იმის ნათელ მაგალითად, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის ამ ე.წ გასაღებს იყენებს ”ქართული ოცნების” მესვეურთა უკანონო და და უღირსი პოლიტიკური ზრახვების განსახორციელებლად.
შალვა შავგულიძის თქმით, ,,თავისუფალი დემოკრატები“ მზად არიან ითანამშრომლონ ყველა დაინტერესებულ პირთან აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობის შემთხვევაში.
,,თავისუფლალი დემოკრატები“ მივესალმებით საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას და მზადყოფნას გამოვთვამთ , ჩვენი ინტელექტუალური რესურსით აქტიურად ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ სუბიექტთან აღნიშნული სფეროს რეგულირების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კანონპროექტის შემუშავებაში“, -განაცხადა შალვა შავგულიძემ