ლორა ჯუიტი - ქართველი პოლიტიკოსი რომ ვიყო, ჩემთვის მთავარი გაკვეთილი იქნებოდა შემდეგი: მნიშვნელოვანია ამომრჩეველთან პირისპირ საუბარი

ლორა ჯუიტი - ქართველი პოლიტიკოსი რომ ვიყო, ჩემთვის მთავარი გაკვეთილი იქნებოდა შემდეგი: მნიშვნელოვანია ამომრჩეველთან პირისპირ საუბარი

მე რომ ქართველი პოლიტიკოსი ვიყო, მთავარი გაკვეთილი ჩემთვის იქნებოდა შემდეგი: ძალიან მნიშვნელოვანია ამომრჩეველთან პირისპირ საუბარი, - ამის შესახებ NDI-ის ევრაზიის განყოფილების დირექტორი ლორა ჯუიტი ”ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში აცხადებს. 
როგორც ჯუიტი ”ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” მიერ საქართველოში ჩატარებული ბოლო კვლევის შედეგების შეფასებისას აღნიშნავს, ამომრჩევლის 60% ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია საკუთარ არჩევანში, რაც ყველაზე თვალშისაცემი შედეგია.

”მე რომ ქართველი პოლიტიკოსი ვიყო, მთავარი გაკვეთილი ჩემთვის იქნებოდა შემდეგი: ძალიან მნიშვნელოვანია ამომრჩეველთან პირისპირ საუბარი. ამასთან, აუცილებელია იმ თემებზე ლაპარაკი, რაც მათ აწუხებს, ანუ - სამუშაო ადგილებზე, ფასებზე, სიღარიბეზე. მოსახლეობასთან კავშირის დამყარებისთვის საჭიროა მიღწეული შედეგების ჩვენებაც იმ საკითხებში, რაც ქართველებისთვის მნიშვნელოვანია, ამაზე საუბარი აუცილებელია. თუ შედეგები ჯერ არ გაქვს, მაშინ პრობლემების გადაწყვეტისთვის რეალური კონკრეტული წინადადებები მაინც უნდა შესთავაზო”, - აცხადებს ლორა ჯუიტი.

NDI-ის ევრაზიის განყოფილების დირექტორი ასევე იზიარებს მოსაზრებას, რომ დეკემბერში გამოქვეყნებულმა ევროკავშირის დადებითმა ანგარიშმა პოზიტიური გავლენა იქონია საქართველოს მოსახლეობაში ევროკავშირისადმი ნდობის გაძლიერებაზე.

”როგორც ქართველი, ასევე ევროპელი პოლიტიკოსებისთვის, ვისაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის გაძლიერება სურს, გამოკითხვა სავსებით გარკვეულ გზავნილს შეიცავს: ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით აჩვენო შედეგი, კონკრეტული პროგრესი. ეს საქართველოს მოსახლეობაში ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერას აშკარად აძლიერებს. კიდევ ერთი საინტერესო რამ გახდა ცნობილი გამოკითხვის შედეგად. აქ გასათვალისწინებელია რამდენიმე ნიუანსი იმ საკითხში, თუ როგორ უყურებს ქართველი ევროპას და ევროკავშირს. 

საერთაშორისო ალიანსების შერჩევისას, მთავარი კრიტერიუმი მაინც ეკონომიკაა და არა იმდენად იდეოლოგიური და გეოპოლიტიკური საკითხები. ფოკუს-ჯგუფებში მუშაობამ აჩვენა, რომ როცა ქართველები არჩევანს ევროპის ან ევრაზიის კავშირს შორის აკეთებენ, ისინი პრიორიტეტს ეკონომიკურ სარგებელს უფრო მეტად ანიჭებენ. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რომელსაც პოლიტიკოსებმა ანგარიში უნდა გაუწიონ. მეორე ნიუანსზეც მინდა ყურადღება გავამახვილო: ქართველებს არ სურთ, რომ მათი საგარეო პოლიტიკური არჩევანი, რომელიმე ალიანსში გაწევრიანება ექსკლუზიური იყოს. კითხვაზე, თუ რა იქნებოდა იდეალური საგარეო პოლიტიკის არჩევანი, ცოტამ თუ თქვა, რომ ისინი ექსკლუზიურად დასავლურ ორიენტაციას ირჩევენ. კიდევ უფრო ცოტას, ძალიან ცოტას სურს მხოლოდ რუსული ორიენტაცია. უმრავლესობის სურვილია, რომ მთავრობამ პროდასავლური კურსი აირჩიოს, მაგრამ ისე, რომ რუსეთთანაც კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს”, - აღნიშნავს ლორა ჯუიტი.