ასათიანის ქუჩაზე გზის დეფორმაციის მიზეზი გამოვლინდა და აღმოიფხვრა

ასათიანის ქუჩაზე გზის დეფორმაციის მიზეზი გამოვლინდა და აღმოიფხვრა

საბურთალოს რაიონში, ასათიანისა და ზაქარიაძის ქუჩების კვეთაზე გზის დეფორმაციას სასმელი წყლის დაზიანებული სისტემიდან გამომავალი და გრუნტის წყლების ნაკადი იწვევდა. აღნიშნული მიზეზი მას შემდეგ იქნა გამოვლენილი, რაც საბურთალოს რაიონის გამგეობამ ასათიანის ქუჩის N12 კორპუსთან სანიაღვრე სისტემის მოწყობა დაიწყო.

კომპანია „ჯეუგრუპის“ სპეციალისტებმა ამ ქუჩების კვეთაზე არხის გათხრის შემდეგ აღმოაჩინეს, წყალი რამდენიმე ადგილიდან ძლიერი ნაკადით დაახლოებით, 2 მეტრის სიღრმეზე მიედინებოდა, რაც გზის დეფორმაციას იწვევდა არა მხოლოდ ამ ლოკაციაზე, არამედ უშუალოდ ასათიანის ქუჩის ვრცელ მონაკვეთზეც. აღნიშნულ მისამართზე გზა ლოკალურად რამდენჯერმე შეკეთდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ პრობლემის გამო გზის მდგომარეობის შენარჩუნება ვერ ხერხდებოდა.

ასათიანის N12-თან დაზიანებული სასმელი წყლის მილი ლოკალურად შეაკეთა კომპანია GWP-მ, საბურთალოს რაიონის გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ კი სანიაღვრე სისტემა მოაწყო.

ამჟამად, ობიექტზე სამუშაოები გრძელდება. იგივე კომპანია კორპუსის შიდა ეზოში გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს.