გიორგი კვირიკაშვილი:  ჩვენი ვალია, მოვუფრთხილდეთ და დავიცვათ ქართული ენა

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი ვალია, მოვუფრთხილდეთ და დავიცვათ ქართული ენა

ჩვენი ვალია, მოვუფრთხილდეთ და დავიცვათ ქართული ენა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია დედაენის დღესთან დაკავშირებით ავრცელებს. პრემიერი მთელ საქართველოს ულოცავს დედაენის დღეს.

”დღეს საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს. ქართული ენა ჩვენი ერის უდიდესი სიმდიდრე და ჩვენი იდენტობის პირველი ნიშანია. 1978 წლის 14 აპრილს ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის დასაცავად ათასობით კაცი გამოვიდა ქუჩაში. მაშინ ეს იყო წარმოუდგენელი გამბედაობა და ვაჟკაცობა. ეს მუხტი იმდენად ძლიერი იყო, რომ საბჭოთა რეჟიმი იძულებული გახდა, დათმობაზე წასულიყო და დაეკმაყოფილებინა ერთ მუშტად შეკრული ხალხის მოთხოვნა. ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა. 14 აპრილის პროტესტმა ნათლად აჩვენა, რომ ქართველი ხალხი ყოველთვის დაიცავს თავის უმთავრეს ღირებულებებს. დღეს ჩვენი ვალია მოვუფრთხილდეთ და დავიცვათ ქართული ენა”, - ნათქვამია პრემიერის მისალოცში.