ადრე თუ გვიან ფარულ მოსმენებზე წვდომის საკითხი პარლამენტს უკან მიუბრუნდებოდა და ეს დროც დადგა

ადრე თუ გვიან ფარულ მოსმენებზე წვდომის საკითხი პარლამენტს უკან მიუბრუნდებოდა და ეს დროც დადგა

ადრე თუ გვიან ფარულ მოსმენებზე წვდომის საკითხი პარლამენტს უკან მიუბრუნდებოდა და ეს დროც დადგა, - ასე ეხმაურება დეპუტატი შალვა შავგულიძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც არაკონსტიტუციულად ცნო კანონის ნორმები, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ფარული მოსმენის სისტემაზე პირდაპირი მიერთების საშუალებას აძლევს.

როგორც შავგულიძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, საკითხის რეგულირების სტარტი პარლამენტში წარმატებული იყო, თუმცა ფინალი იყო ძალიან ცუდი და ასეთი შედეგი მოსალოდენელი იყო. შავგულიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეთანხმება.

”თავის დროზე, საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა შეიმუშავა, რომელიც 2014 წლის აგვისტოში მივიღეთ. ეს არეგულირებდა სამართალწარმოების პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხს. დარჩენილი იყო მხოლოდ ტექნიკური მხარე, თუ ვის ხელში უნდა ყოფილიყო ინფორმაციაზე წვდომა - ანუ ე.წ. გასაღები და როგორი კონტროლი განხორციელებულიყო სუბიექტზე, ვის ხელშიც ”გასაღები” აღმოჩნდებოდა. სამწუხაროდ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს აღარ მიეცა საშუალება იმისა, წარმატებით დაწყებული საქმე ბოლომდე წარმატებით მიეყვანა. მოხდა ისე, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ, ბიუროზე მიღებული გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო პაკეტის დარჩენილი ნაწილის დასრულება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადააბარა. ამის შემდეგ მათ მიერ მოხდა სწორედ ისეთი კანონპროექტის ინიცირება, რომლითაც პერსონალურ მონაცემებზე წვდომა სამართალდამცავ სისტემაში დარჩა და თან ისე, რომ მათ შეეძლოთ წვდომა სასამართლოსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კონტროლის გვერდის ავლით განეხორციელებინათ. მე მაშინაც ვთქვი, რომ ეს წყალში ყრიდა იმ წარმატებასა და შრომას, რაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გასწია”, - განაცხადა შალვა შავგულიძემ. მისივე თქმით, ამ მიმართულებით საჭირო იყო არა ახალი ველოსიპედის გამოგონება, არამედ არსებული საერთაშორისო სტანდარტების გაზიარება.

შავგულიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დღეს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა მთლიანად სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის ხელშია და პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება-გავრცელებზე ის არის პასუხისმგებელი.