"მრეწველი" გოგი თოფაძე მიიჩნევს, რომ რაც უფრო მალე გადაწყდება წინასაარჩევნო ვადა, ქვეყნისთვის უკეთესი იქნება.
"ეს ჯიუტობა ძვირი დაგვიჯდება, არ ვეთანხმები ამ ჯიუტობას, მთავრობა არის მთავრობა, მას თავისი უფლებები აქვს, ამას თავისი და რაც უფრო მალე გადაწყდება ეს თემა, უმჯობესია", - განაცხადა "მრეწველების" ლიდერმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ, ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, "პრეზიდენტი სხვის ჯიბეში არ უნდა იხედებოდეს".
"მთავრობამ უფრო უკეთესად იცის, რამდენი აქვს და რა შესაძლებლობა აქვს. მე უფრო გამართლებულად მიმაჩნია, რომ არათუ როგორც ადრე ხდებოდა, ორი თვით ადრე დაგვეწყო საარჩევნო კამპანია, არამედ, სამი თვით ადრე. პრემიერმა თავისი პოზიცია გამოხატა ნათლად. ერთმანეთის ჯინაზე საქმის გადაწყვეტა, ვფიქრობ, არ წაადგება არც საარჩევნო პროცესს და არც ქვეყანას“, - განაცხადა ნიშნიანიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნის თაობაზე განკარგულება 5 აპრილს გამოსცა, 6 აპრილს კი კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს გადაუგზავნა. შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მთავრობას და მის მეთაურს 10 დღიანი ვადა ჰქონდა. დღეს კი, პრემიერმა კვირიკაშვილმა არჩევნების თარიღთან დაკავშირებული განკარგულება პრეზიდენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან გაუგზავნა. პრემიერს მიაჩნია, რომ წინასაარჩევნო პერიოდად 3 თვე უნდა გამოიყოს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით აქტს, მაისის დასაწყისში გამოსცემს.
მისი თქმით, საარჩევნო კამპანია არჩევნებამდე 5 თვით ადრე დაიწყება და თუ ფინანსური მხარდაჭერა გახდება საჭირო, პრეზიდენტის ფონდი არჩევნების ადმინისტრირებისთვის მთავრობას დაეხმარება.