პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნებოდა, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, პრეზიდენტს პრემიერის შეთავაზება გაეზიარებინა.
„უკეთესი იქნებოდა ამასთან დაკავშირებით არ ყოფილიყო ორაზროვნება და პრემიერის შეთავაზება ყოფილიყო გაზიარებული. ბუნებრივია, რაც უფრო ადრე ხდება საარჩევნო კამპანიის დაწყება, ბიუჯეტს უფრო მეტი ხარჯები აქვს, გამომდინარე საარჩევნო კომისიის წევრების დაფინანსებიდან და მთელი რიგი სხვა საკითხებიდან. ამიტომ, ალბათ ესეც გასათვალისწინებელი იყო. თუმცა, როცა არ უნდა გამოქვეყნდეს აქტი და როცა არ უნდა შევიდეს ძალაში ბუნებრივია, ჩვენ სახელმწიფო და ხელისუფლება ვართ ვალდებული, რომ ეს კამპანია კანონის ფარგლებში ვაწარმოოთ“, - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნის თაობაზე განკარგულება 5 აპრილს გამოსცა, 6 აპრილს კი კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს გადაუგზავნა. შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მთავრობას და მის მეთაურს 10 დღიანი ვადა ჰქონდა. დღეს კი, პრემიერმა კვირიკაშვილმა არჩევნების თარიღთან დაკავშირებული განკარგულება პრეზიდენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან გაუგზავნა. პრემიერს მიაჩნია, რომ წინასაარჩევნო პერიოდად 3 თვე უნდა გამოიყოს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით აქტს, მაისის დასაწყისში გამოსცემს.
მისი თქმით, საარჩევნო კამპანია არჩევნებამდე 5 თვით ადრე დაიწყება და თუ ფინანსური მხარდაჭერა გახდება საჭირო, პრეზიდენტის ფონდი არჩევნების ადმინისტრირებისთვის მთავრობას დაეხმარება.