ანდრეს მამკინსი:   ევროპარლამენტში საქართველოს სრული მხარდაჭერა აქვს

ანდრეს მამკინსი: ევროპარლამენტში საქართველოს სრული მხარდაჭერა აქვს

ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ევროპარლამენტის მტკიცე მხარდაჭერა აქვს, - ამის შესახებ ევროპარლამენტში საქართველოს მომხსენებელმა ანდრეს მამკინსმა სტრასბურგში, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მამკინსმა განაცხადა, რომ იცის რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების მიღწევა.

მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრამდე, ანდრეს მამკინსის განცხადებით, იგი შეხვდა ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს, სადაც მათ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე სტრასბურგში იმყოფება, სადაც ის ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციისა და საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. დისკუსიების მთავარი თემებია საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგის განხორციელება და ამ პროცესში ევროპარლამენტთან თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობა.