როცა არჩევნების დღე გამოცხადებულია და 8 ოქტომბერთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, ვერ ვხვდები, მაისის დასაწყისში შესაბამისი განკარგულების გამოცემა და წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება, რა პრინციპული ამბავია, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” “რესპუბლიკელმა” დეპუტატმა თამარ კორძაიამ განუცხადა.
კორძაიას შეფასებით, მთავრობამ პრეზიდენტს არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულების გამოცემისა და წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღთან დაკავშირებით ძალიან გონივრული ვადა შესთავაზა და ამ თვალსაზრისით 8 ივლისი სრულიად მისაღები თარიღია.
”რესპუბლიკელი” დეპუტატი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ხუთი თვით ადრე დაწყება ტვირთია არა მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, არამედ მედიისთვისაც, რომელსაც არჩევნებამდე 5-თვით ადრე იმ ვალდებულების შესრულება მოუწევს, რასაც მას კანონმდებლობა წინასაარჩევნო კამპანიის დროს აკისრებს.
კორძაიას თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღთან დაკავშირებით ”რესპუბლიკელები” პრემიერის პოზიციას იზიარებენ.
”პოლიტიკური პარტიებისთვის ყველაზე ნაკლებ პრობლემას წარმოადგენს ის, თუ როდის დაინიშნება არჩევნების დღე. პოლიტიკური პარტიები მუდმივად წინასაარჩევნო რეჟიმში არიან - განსაკუთრებით საარჩევნო წელს. აქ მთავარია ის, რომ წინასაარჩევნო კამპანიის გამოცხადება სახელმწიფოს მხრიდან დიდ დანახარჯებს იწვევს, მაგრამ ამ ქვეყანაში სახელმწიფო ბიუჯეტისა და პოლიტიკური პარტიების გარდა, არიან სუბიექტები, რომლებიც საარჩევნო პროცესის მონაწილენი არიან. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვნია მედიის მდგომარეობა, რადგან როგორც კი წინასაარჩევნო კამპანია ჩაირთვება, მედიას უფასო სარეკლამო საეთერო დროის გამოყოფის ვალდებულება აქვს, რაც მედიისთვის საკმაოდ დიდი ტვირთია. შესაბამისად, ვფიქრობ, როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებთ, ყველა კომპონენტის გათვალისიწინება უნდა მოხდეს. სწორედ ამ კომპონენტების გათვალისწინებით წერია საარჩევნო კანონმდებლობაში ის, რომ საარჩევნო კამპანია არაუგვიანეს 60 დღით ადრე იწყება”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” თამარ კორძაიამ.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ განკარგულება პრეზიდენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან გაუგზავნა და როგორც დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, წინასაარჩევნო პერიოდად აღებული უნდა იყოს 3 თვე. პრემიერის აზრით, უმჯობესი იქნება, თუკი პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებულ განკარგულებას 8 ივლისს გამოაქვეყნებს.
თავის მხრივ პრეზიდენტმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას მაისის დასაწყისში გამოსცემს.