გია ხუხაშვილი:  პრეზიდენტი არ ელოდა მთავრობის მხრიდან ასეთ არაჯენტლმენურ საქციელს

გია ხუხაშვილი: პრეზიდენტი არ ელოდა მთავრობის მხრიდან ასეთ არაჯენტლმენურ საქციელს

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს ხაფანგი დაუგო, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა, სადაც ის არჩევნების შესახებ პრეზიდენტისა და პრემიერის განცხადებებს გამოეხმაურა.

”მე ვფიქრობ, ადგილი აქვს გარკვეულ პოლიტიკურ თამაშს. მთავრობის მხრიდან დაიწყო პოლიტიკური თამაში და თავიდანვე გამოიყენეს პრეზიდენტის კონსტრუქციულობა. მათი მხრიდან გარკვეულწილად ხაფანგი იყო დაგებული. სავარაუდოდ, თვითონ სთხოვეს პრეზიდენტს თარიღად 8 აგვისტო დაესახელებინათ და ამის შემდეგ დაიწყეს პოლიტიკური თამაში, წმინდა არაკეთილსინდისიერი პოლიტიკური მეთოდების გამოყენებით. ვფიქრობ, პრეზიდენტის შეცდომა იყო ის, რომ მან თავის განკარგულებაში ჩაწერა თარიღი - მას უბრალოდ უნდა დაენიშნა არჩევნების თარიღი და მერე მთავრობას უნდა მოეყვანა არგუმენტები, თუ რატომ არ არის შესაძლებელი დღესვე საარჩევნო კამპანიის დაწყება”, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ის, რომ 7-8 მილიონით მეტი იქნება გადასახდელი და ქვეყანას ამის თავი არ აქვს, არგუმენტი არ არის.

”მე ვფიქრობ, მთავრობამ თავიდანვე შეცდომაში შეიყვანა პრეზიდენტი, გამოიყენა მისი ადამიანური დამოკიდებულება ცუდად. გამომდინარე იქედან, რომ მას სურს იყოს კონსტრუქციული, ჩემი აზრით, არ მოელოდა ასეთ არაჯენტლმენურ საქციელს მთავრობის მხრიდან. ჩვენ ვიცით, რომ არის პრობლემები აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პრეზიდენტის ინსტიტუტს შორის და აი, ეს სიტუაცია თავისივე ინიცირებული, გამოიყენეს პრეზიდენტის საწინააღმდეგოდ”, - აღნიშნა ექსპერტმა.