საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებთან მიმართებაში კრიტიკულიც უნდა ვიყოთ და ბრმად არ უნდა მივენდოთ

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებთან მიმართებაში კრიტიკულიც უნდა ვიყოთ და ბრმად არ უნდა მივენდოთ

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლას ბერლინერის განცხადებით, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ კრიტიკულიც უნდა ვიყოთ შედეგების აღქმაში და მას ბრმად არ უნდა მივენდოთ.

შესაბამისი განცხადება ბერლინერმა ჟურნალისტებთან საუბრისას სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” გააკეთა, სადაც ამერიკის საელჩოს ორგანიზებით კონფერენცია, ”წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის კვლევის მნიშვნელობა საქართველოში” გაიმართა.

”ეს ღონისძიება, რომელიც ტარდება საელჩოს მხარდაჭერით, ძალზე მნიშვნელოვანია. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ძალიან კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უფრო მჭიდრო კავშირი იქონიონ მოსახლეობასთან. რასაკვირველია, ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რაოდენ სწორად, ოსტატურად ტარდება გამოკითხვა. გარდა ამისა, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზეც, თუ რას გვეუბნებიან ვისაც ჩვენ ვესაუბრებით და არა ის, რა არ გვითხრეს, ან რის თქმას არ უნდა ველოდოთ მათგან”, - განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი აზრის კვლევა ძალზე დახვეწილად და კარგად უნდა ჩატარდეს.

”მას დიდი მნიშვნელობა აქვს გარკვეულწილად იმისთვის, რომ წინასწარ განვჭვრიტოთ შედეგები, მაგრამ ეს იმასაც გვავალებს, რომ კრიტიკულებიც ვიყოთ შედეგების აღქმაში და ბრმად არ უნდა მივენდოთ”, - აღნიშნა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

რაც შეეხებ შეკითხვას NDI-ს მიერ 2012 წელს, საარჩევნო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც არჩევნების შედეგებისგან განსხვავებული იყო, ამერიკელი დიპლომატის თქმით, ”საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა გვაძლევს გარკვეულ ზუსტ ხედვას კონკრეტულ მომენტზე, მაგრამ ჩვენ არ უნდა მივანიჭოთ ამას სამარადჟამო მნიშვნელობა”.