„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიამ შიდა კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა და დადგინდა, რომ მეორე ადგილზე გასულ პარტიას „ქართული ოცნება“ რეიტინგით რამდეჯერმე უსწრებს.
ამის შესახებ კობახიძემ NDI-ის კვლევებზე კომენტირებისას აღნიშნა და განაცხადა, რომ გამოქვეყნებული კვლევა მთლიანად აცდენილია რეალობას.
ირაკლი კობახიძის თქმით, შიდა კვლევა ჩაატარა „ნაციონალურმა მოძრაობამაც“, რომლითაც ასევე დადგინდა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი მეორე ადგილზე გასული პარტიის პროცენტულ მაჩვენებლებს რამდეჯერმე აღემატება.
„მე შემიძლია თამამად გითხრათ, რომ NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევები არის აცდენილი რეალობას. ამას ადასტურებს შიდა კვლევები, რომელსაც პერიოდულად ვატარებთ. ბოლოს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენ მეორე ადგილზე მყოფ პარტიას რამდეჯერმე ვუსწრებთ. კვლევის მეთოდოლოგიაზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. გეტყვით, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით 3 500 ადამიანი გამოიკითხა. ახლა ვმსჯელობთ იმაზე, უნდა გამოვაქვეყნოთ თუ არა აღნიშნული შედეგები. სამწუხაროდ, NDI ვერ ახერხებს რეალური შედეგების დადებას, ეს პრაქტიკა უკვე წლების განმავლობაში გრძელდება, ასე იყო 2010 წელსაც, 2012-ში და ა.შ.“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებთან მიახლოებული არასოდეს ყოფილა და ის ყოველთვის აცდენილი იყო რეალობას.
„2012 წელს კვლევისა და არჩევნების შედეგებს შორის იყო კატასტროფული აცდენა. იგივე მოხდა 2012-13 წლებშიც. ბოლოს არჩევნები ჩატარდა გარდაბანში, რაც ერთგვარი ტესტი იყო „ქართული ოცნებისთვის.“ გარდაბნის არჩევნების შედეგების მიხედვით, შეგვიძლიათ თქვათ, რომ მეორე ადგილზე გასულ პარტიას რამდენჯერმე ვუსწრებთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.