პრეზიდენტის განკარგულებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება არაკოორდინირებულ მუშაობის დადასტურებაა

პრეზიდენტის განკარგულებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება არაკოორდინირებულ მუშაობის დადასტურებაა

საპარლამენტო ფრაქცია ”თავისუფალი დემოკრატების” ხელმძღვანელის, ირაკლი ჩიქოვანის შეფასებით, არჩევნების დანიშვის თაობაზე მთავრობის მიერ პრეზიდენტის განკარგულებაზე უარის თქმა, სახელისუფლო შტოების არაკოორდინირებულ მუშაობას ადასტურებს.

როგორც ჩიქოვანმა ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მთავრობის სხდომაზე გაჟღერდა, ე.წ. სამართლებრივი კაზუსის გამოსწორების მცედელობაა. რეალურად კი, დეპუტატის თქმით, პრეზიდენტის განკარგულების გამოქვეყნება და წინასაარჩევნო რეჟიმის გამოცხადება, შეზღუდავდა ხელისუფლებას, განეხორციელება ის, რასაც შეიძლება ამომრჩევლის განწყობაზე მოეხდინა ზემოქმედება.

”ამის მიუხედავად, როცა არ უნდა გამოცხადდეს წინასაარჩევნო კამპანია, ამომრჩეველი გადაწყვეტილებას მაინც იმ პრობლემების გათვალისწინებით მიიღებს, რომელიც ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში დაგროვდა. ეს ბოლო რამდენიმე წელი კი დაკავშირებულია მხოლოდ და მხოლოდ უმოქმედობასთან ”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ირაკლი ჩიქოვანმა.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ განკარგულებას პრეზიდენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან უგზავნის.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, წინასაარჩევნო პერიოდად აღებული უნდა იყოს 3 თვე. შესაბამისად, მისი აზრით, უმჯობესი იქნება, თუკი პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებულ განკარგულებას 8 ივლისს გამოაქვეყნებს.