სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ არსებულ ვითარებაზეა საუბარი

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ არსებულ ვითარებაზეა საუბარი

ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ არსებულ ვითარებაზეცაა საუბარი. დოკუმენტში აღნიშნულია ტელეკომპანია „იმედში“ პოლიტიკური თოქშოუების დახურვის ფაქტი.

„29 აგვისტოს, ქვეყნის რიგით მეორე წამყვან ტელეკომპანია „იმედმა“ მოულოდნელად გამოაცხადა ორი პოპულარული პოლიტიკური გადაცემის შეჩერება და შოუების კარგად ცნობილი წამყვანის ინგა გრიგოლიას გათავისუფლება. გრიგოლიამ გადაცემების დახურვას და მის გათავისუფლებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა“, - წერია ანგარიშში.

დოკუმენტში საუბარია „რუსთავი 2“-ის საქმეზეც: „ შემაშფოთებელი იყო მთავრობის ჩარევა ქვეყნის ყველაზე ყურებადი სატელევიზიო არხის, „რუსთავის 2“-ის საქმეებში“.

ანგარიშში აღნიშნულია ჟურნალისტების მიმართ პოლიციის მიერ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებიც. „2015 წლის 15 სექტემბერს ქალაქ ოზურგეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს, სამართალდამცველმა „მაესტროს“ ჟურნალისტი აიძულა განზე გამდგარიყო იმისთვის, რომ მან პრემიერ-მინისტრს „უხერხული“ შეკითხვა დაუსვა“, - წერია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მაღალჩნოსნები აგრძელებდნენ მედიაზე სიტყვიერ ზეწოლას. მაგალითად, გასული წლის მარტში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერმა წამყვანი მედიასაშუალებები სამთავრობო პროექტების არასაკმარისად გაშუქებასა და „აბსოლუტურად განსხვავებული რეალობის შექმნაში“ დაადანაშაულა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში 2015 წელს ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას ეხება.