3-თვიანი წინასაარჩევნო პერიოდი პოლიტიკურ სუბიექტებს სრულყოფილი კამპანიის ჩატარების საშუალებას მისცემს

3-თვიანი წინასაარჩევნო პერიოდი პოლიტიკურ სუბიექტებს სრულყოფილი კამპანიის ჩატარების საშუალებას მისცემს

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის შეფასებით, 3-თვიანი წინასაარჩევნო პერიოდი ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მისცემს სრულყოფილი კამპანიის ჩატარების საშუალებას.

როგორც კალაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ის მიესალმება არჩევნების თარიღის წინასწარ განსაზღვრას.

„მისასალმებელია ის, რომ წინასწარ გახდა ცნობილი არჩევნების თარიღი - 8 ოქტომბერი. ეს გადაწყვეტილება ერთობლივად იქნა მიღებული. ზოგადად, ყოველთვის გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდა, რომ არჩევნების თარიღი ცნობილი არ იყო ხოლმე საზოგადოებისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის, რაც დისკომფორტს ქმნიდა. მე მივესალმები იმას, რომ წინასწარ იქნა ყველასთვის ცნობილი არჩევნების თარიღი. 3 თვე ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ექნება შესაძლებლობა, სრულყოფილად ჩაატაროს საარჩევნო კამპანია, მოსახლეობას გააცნოს ქვეყნის განვითარების თავისი გეგმა. ამის შემდეგ უკვე მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, ჩამოყალიბებულად მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში. მე ვფიქრობ, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მოსახლეობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში“, - განაცხადა კალაძემ.

პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს, არჩევნებთან დაკავშირებით ახალი განკარგულება ივლისში გამოსცეს. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, უმჯობესი იქნება თუკი ეს 8 ივლისს, არჩევნებამდე 3 თვით ადრე მოხდება, იქამდე კი გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტ მარგველაშვილს მის მიერ გამოცემულ განკარგულებას მოტივირებული შენიშვნებით უკან უგზავნის.