გია ვოლსკი - განკარგულების უკან დაბრუნებამდე პრემიერი გიორგი მარგველაშვილს შეხვდა და ამ თემაზე წინასწარ ესაუბრა

გია ვოლსკი - განკარგულების უკან დაბრუნებამდე პრემიერი გიორგი მარგველაშვილს შეხვდა და ამ თემაზე წინასწარ ესაუბრა

პრემიერ-მინისტრი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განკარგულების კონტრასიგნაციაზე უარის თქმამდე, გიორგი მარგველაშვილს შეხვდა და მას ამ თემაზე წინასწარ ესაუბრა. 

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე გია ვოლსკიმ განუცხადა, ”არ მომხდარა ისე, რომ პრემიერმა პრეზიდენტის განკარგულება აიღო, დაიწუნა და უკან გაუგზავნა”. 

”პირველ რიგში, რაც საზოგადოებამ არ იცის, არის ის, რომ პრემიერი-მინისტრი პრეზიდენტთან მივიდა და ამ თემაზე მასთან წინასწარ ისაუბრა - არ ყოფილა ისე, რომ განკარგულება დაუწუნა და უკან გაუგზავნა. პრემიერი მივიდა მასთან, ისაუბრა, დაასაბუთა, აუხსნა პოზიცია და შემდეგ ამას ფორმალური სახე მისცა. საერთოდ, როცა ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებ, წინასწარი საუბარი და კონსულტაციები საკანონმდებლო ორგანოსთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, უმაღლეს სახელისუფლებო შტოებთან, უმაღლეს პირებს შორის კარგი იქნება. პრემიერისგან სწორი ნაბიჯი იყო, როცა პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის მოსასმენად მოვიდა, იმის მიუხედავად, რომ თუკი კრიტიკული შენიშვნები იყო მთავრობის მისამართით, ამაზე პასუხის გაცემის საშუალება არ ჰქონდა, მაგრამ პარლამენტში მაინც მოვიდა და კონსტრუქციულობა გამოამჟღავნა. დასაფასებელია ის, რომ ვიდრე გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტის განკარგულებას მოტივირებული შენიშვნებით დააბრუნებდა, ესაუბრა პრეზიდენტს, საკითხი განიხილეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაწერა წერილი, საკუთარი წინადადებებითა და მოსაზრებებით”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” გია ვოლსკიმ. 

ამასთან, ვოლსკის აზრით, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისა და შესაბამისი საარჩევნო რეგულაციების ამოქმედების პერიოდად არჩევნებამდე სამი თვის განსაზღვრა, საკმაოდ დიდი პერიოდია. ვოლსკის თქმით, სჯობდა, თუკი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ახალი განკარგულების გამოცემა 8 აგვისტოსთვის მოხდებოდა. 

”ეს სასკანდალო თემა არ არის. ვაღიარებ, რომ მცირედი კაზუსი მოხდა, მაგრამ კარგია, რომ ურთიერთშეთანხმებით არის შესაძლებლობა იმისა, საკითხი დარეგულირდეს. საერთოდ, ვფიქრობ, რომ წინასაარჩევნო რეგულაციებთან დაკავშირებით სამი თვე საკმაოდ დიდი პერიოდია და განკარგულების 8 აგვისტოს გამოცემა, სჯობდა, მაგრამ რაკი 8 ივლისს გადაწყვიტეს, კი ბატონო, შეიძლება წინასაარჩევნო ფერხულში 8 ივლისიდან ჩავერთოთ,” - განაცხადა ვოლსკიმ. 

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ განკარგულებას პრეზიდენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან უგზავნის. 

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, წინასაარჩევნო პერიოდად აღებული უნდა იყოს 3 თვე. შესაბამისად, მისი აზრით, უმჯობესი იქნება, თუკი პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებულ განკარგულებას 8 ივლისს გამოაქვეყნებს.