აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას აფასებს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას აფასებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში 2015 წელს ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას ეხება და მასში საქართველოზეც არის საუბარი. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2012 წელს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავრობის გადაცემა დემოკრატიული გზით პირველად მოხდა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, თუმცა, ქვეყანაში ჯერ კიდევ არის რიგი პრობლემები. 

„2015 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს წარმოადგენდა: ოკუპირებულ ტერიტორიებთან ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსეთის, ან დე ფაქტო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების თვითნებური დაკავებები; მნიშვნელოვანი ხარვეზები მართლმსაჯულებაში, მათ შორის სასამართლოზე ზეწოლა საქმეების შერჩევისას, საეჭვო სასამართლო დანიშვნები, ძალადობისა და შეურაცხყოფის შემთხვევებზე მთავრობის შეუსაბამო რეაგირება, დაუსრულებელი გამოძიებები, სასამართლო პროცესის დაწყებამდე შეუსაბამო დაპატიმრებები; ქალების, ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მთავრობის არასაკმარისი მცდელობები“, - წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში. 

ანგარიშში ასევე აღნიშნულია სხვა პრობლემებიც, მათ შორის, პოლიტიკური ზეწოლა დამოუკიდებელ ტელემაუწყებელზე, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვა, პოლიტიკური ოპოზიციიის წინააღმდეგ ძალადობა, კორუფცია, ოჯახური ძალადობა ქალების წინააღმდეგ, ნაადრევი ქორწინებები, სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე რეაგირების არაეფექტური მექანიზმი. 
გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია ოკუპირებულ რეგიონებზეც, რომლებიც ცენტრალური მთავრობის კონტროლს მიღმაა დარჩენილი. 

„რუსმა მესაზღვრეებმა შეუზღუდეს ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების უფლება. მცირე ოფიციალური ინფორმაცია არსებობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლბებისა და ჰუმანიტარული ვითარების შესახებ, ვინაიდან შეზრუდული წვდომაა ამ რეგიონებზე“, -აღნიშნულია დოკუმენტში. 

აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიში დღეს გამოქვეყნდა.