ტექნიკური უნივერსიტეტის მოშიმშილე ლექტორები პრემიერს მიმართავენ

ტექნიკური უნივერსიტეტის მოშიმშილე ლექტორები პრემიერს მიმართავენ

სტუ-ს ლექტორები, რომლებიც მესამე დღეა ტექნიკური უნივერსიტეტის ფოიეში შიმშილობენ, დღეს პრემიერს მიმართავენ. 

როგორც ”ინტერპრესნიუსს” აქციის ერთ-ერთმა მონაწილე პროფესორმა გოდერძი ტყეშელაშვილმა განუცხადა, მოშიმშილე ლექტორები პრემიერს წერილით მიმართავენ, სადაც მოითხოვენ, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები კანონიერ ჩარჩოში მოექცეს. 

გოდერძი ტყეშელაშვილის ინფორმაციით, პროფესორები უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სამინისტროს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებზე უარს აცხადებენ. 

”იყო მცდელობა უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან, რომ მოლაპარაკებები გამართულიყო, თუმცა პროფესორები უარზე ვართ. ჩვენ გვსურს, რომ პრემიერი ჩაერთოს პრობლემების მოგვარებაში და დღეს, პრემიერის სახელზე მიმართვასაც გავავრცელებთ”, - განაცხადა ტყეშელაშვილმა. 

ამ დროისთვის ტექნიკური უნივერსიტეტის ფოიეში ხუთი პროფესორი შიმშილობს. ყოველ დღე, პროფესორებს, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, ერთი მოშიმშილე შეემატება. ტექნიკური უნივერსიტეტის მოშიმშილე პროფესორებს ოთხი მოთხოვნა აქვთ: გადადგეს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, გაუქმდეს უკანონო აკადემიური საბჭო, გადადგეს ადმინისტრაციის არალეგიტიმური ხელმძღვანელი და მოვიდეს შესაბამისობაში ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ”უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონთან”.