დედაქალაქის მერთან, დავით ნარმანიასთან შეხვედრის შემდეგ „აუდიტორია 115“-ის წევრებმა მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობაზე გადაინაცვლეს. სტუდენტები მძიმე ტექნიკაზე მოთავსდნენ. მათ თან ჰქონდათ ტრანსფარანტები, რომელზეც ეწერა: „დავიცვათ მწვანე საფარი“, „საზოგადოებრივი ინტერესი მეტია კერძო ინტერესებზე“, „დავიცვათ საუნივერსიტეტო სივრცე“.
„აუდიტორია 115“-ის წევრებმა აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. მოძრაობის წევრ ლევან ლორთქიფანიძის თქმით, მათთან შეხვედრის დასაწყისში დავით ნარმანია უარზე იყო, რომ სტუდენტებისთვის პირობა მიეცა, თუმცა, შეხვედრის ბოლო წუთებში ღიად თქვა, რომ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობა არ განხორციელდება.
„მოლაპარაკებას მოჰყვა შედეგი. ერთი კვირის ვადაში საბოლოო პასუხი გვეცოდინება, რომ ეს მშენებლობა უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეჩერდეს“, - აღნიშნა ლევან ლორთქიფანიძემ. სტუდენტების ინფორმაციით, ისინი 18.00 საათზე განათლების სამინისტროში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძეს უმაღლესი განათლების შესახებ კანონთან დაკავშირებით შეხვდებიან.