სასამართლო რეფორმის მესამე ტალღად ცნობილი პროექტი დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნისა და სამართლის დამკვიდრების იდეას უთხრის ძირს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია ”თავისუფალი დემოკრატების” წევრმა შალვა შავგულიძემ გააკეთა.
დღეს პარლამენტმა შესაბამის საკანონმდებლო პაკეტს მეორე მოსმენით უნდა უყაროს კენჭი. შავგულიძემ უმრავლესობის წევრებს მიმართა, კენჭისყრისას საკუთარი პასუხისმგებლობა კარგად გაიაზრონ და პაკეტს მხარი არ დაუჭირონ.
როგორც დეპუტატი განმარტავს, საკანონმდებლო პაკეტით წინა ხელისუფლების დროინდელ მოსამართლეებს ახლად დანიშნულ მოსამართლეებთან შედარებით, სრულიად გაუმართლებელი უპირატესი მდგომარეობა ენიჭებათ.
”სასამართლო სისტემის ყველა ადმინისტრაციული თანამდებობა - მათ შორის სასამართლო კოლეგიის, პალატისა თუ სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა შეუძლიათ დაიკავოს წინა ხელისუფლები დროს, 10-წლინი ვადით განწესებულმა მოსამართლემ და ამის უფლება არა აქვს 3-წლის ვადით განწესებულ მოსამართლეს, თუ მას წინა ხელისუფლების პერიოდში სამოსამართლეო სტაჟი არ გააჩნია ანუ თუ ის მოსამართლეთა იმ კორპუსს არ ეკუთვნის. იგივე პრინციპი ვრცელდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრად არჩევის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. კანონპროექტის მიხედვით, წინა ხელისუფლების დროს 10-წლიანი ვადით განწესებულ მოსამართლეს ამ ვადის ამოწურვის შემდეგ უფლება ეძლევა გამოსაცდელი ვადის გარეშე, პირდაპირ უვადოდ იქნას განწესებული, მაშინ როდესაც მოსამართლეობის მსურველი ახალი კანდიდატები ჯერ სამწლიან ვადას გაივლიან და მხოლოდ ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, ეძლევათ უვადოდ განწესების შესაძლებლობა. ასეთ არათანასწორ და დიკრიმინაციულ მიდგომას მოსამართლის უვადოდ განწესების საკითხთან დაკავშირებით არც ერთი ევროპული ქვეყნის კანონმდებლობა არ იცნობს. შემოთავაზებული წესი გამოიწვევს იმას, რომ ვაკანსიანთა უმრავლესობას წინა ხელისუფლების დროინდელი მოსამართლეები დაიკავებენ, რადგან მათ უდიდეს ნაწილს 10-წლიანი განწესების ვადა ან ახალი ამოწურული აქვთ ან უახლოეს ერთ-ორ წელში ეწურებათ”, - განაცხადა შავგულიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და უმრავლესობას მიმართა, პროექტს მხარი არ დაუჭირონ.