საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს სთხოვს, ”მათი ლანძღვისას გენდერული ბალანსი დაიცვან” და როცა შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით მმართველი გუნდის წევრ ქალბატონებს მიმართავენ, იქვე მამაკაცებიც ახსენონ. აღნიშნული განცხადება ფოფხაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვის დროს, დებატებისას გააკეთა.
ფოფხაძის შეფასებით, ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს განსაკუთრებული აგრესია და უპირობო მტრობა ”ქართული ოცნების” წევრი ქალბატონების მიმართ აქვთ.
”პარლამენტის ტრიბუნიდან ძალიან ხშირად გაისმის პიროვნული შეურაცხყოფები ჩვენი თანაგუნდელების მიმართ. განსაკუთრებით აქცენტს ქალბატონებზე აკეთებთ. რატომღაც ეს ჩვენი ოპონენტების მხრიდან სტანდარტად იქცა. დღევანდელ შემთხვევაში შეურაცხმყოფელი ფრაზები თეა წულუკიანის და ეკა ბესელიას მიმართ იყო. მექნება ერთი უმორჩილესი თხოვნა - ჩვენ ვართ ერთი გუნდის წევრი. ნუ დაზარდებით და სადაც ამ ორ ქალბატონს ახსენებთ, იქნება მეც მიმამატოთ! ასეთი თხოვნა მექნება. თუკი მე არ გინდივართ, ჩვენი სხვა გუნდის წევრებიც შეგიძლიათ, ოღონდ მამაკაცი. არ გინდათ იმის ხაზგასმა, რომ მაინაც და მაინც ქალბატონებზე გაქვს ეს აგრესია და უპირობო მტრობა. ჩემი ადამიანური თხოვნა იქნება, ვინც გინდათ ამოირჩიეთ. ძალიან დიდი უკმარისობის გრძნობა მაქვს, მე რომ არ მახსენებთ. თუ მე მახსენებთ, ყველაზე მადლობელი დაგრჩებით, მაგრამ თუ მე არ მთვლით ამის ღირსად, აგერ, ლუკა კურტანიძე იღიმება და ლუკა მიამატეთ. ფრაქციაც არ იქნება ამის წინააღმდეგი და რაღაც დონეზე ჩვენი ლანძღვის გენდერული ბალანსი იქნება დაცული”, - მიმართა ფოფხაძემ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებს.
საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებაა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებით, მმართველი გუნდს არ მოსწონს რა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, სასამართლოს დასჯას საკანონმდებლო ცვლილებებით აპირებს. უმცირესობა ამბობს, რომ აღნიშნული პროექტი პოლიტიკურად არის მოტივირებული და ამასთან, დაწერილია საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული მოსამართლეების წინააღმდეგ.
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი და ინიციატორი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტია.