"არასდროს ვეყრდნობი NDI-ს კვლევებს, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური იარაღი"

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი სესიაშვილი NDI-ს კვლევებს არ ენდობა და აცხადებს, რომ აღნიშნული კვლევები ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკურ იარაღად არის გამოყენებული.

სესიაშვილის თქმით, ორგანიზაცია, რომელიც კვლევებს ამზადებს, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირდება.

ირაკლი სესიაშვილი დარწმუნებულია, რომ ის შედეგები, რომელიც ხვალ, შესაძლოა, პოლიტიკური პარტიების რეიტინგთან მიმართებაში NDI-მ გამოაქვეყნოს სრულიად განსხვავებული იქნება იმ შედეგებთან, რომელიც 2016 წლის არჩევნების შედეგად დაიდება. 

"არასდროს ვეყრდნობი NDI-ს კვლევებს, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური იარაღი, რომელიც არა ერთხელ გამოუყენებია "ნაციონალურ მოძრაობას. თუ დავაკვირდებით კვლევის პოლიტიკურ ინტერესს, ის შემდეგში მდგომარეობს: მაგალითად, ჩვენ არ ვიცით ამ კვლევის მეთოდოლოგია, არ ვიცით ვინ არიან გამოკითხული ადამიანები. პოლიტტექნოლოგიებში გამოიყენება ასეთი ხრიკი, რომ თუ ათკომპონენტიან კვლევაში, მეტნაკლებად, სიმართლე წარმოჩინდება, შემდეგ, მოსახლეობა ქვეცნობიერად მაინც სხვა შედეგებსაც იჯერებს. პირველ ეტაპზე, გამოქვეყნდა კვლევის შედეგები, სადაც ეკონომიკური, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემებია მოცემული. ანუ, ერთი სიმართლის ხარჯზე ცდილობენ, მოგვასაღონ დანარჩენი ტყუილი. ის შედეგები, რაც შესაძლოა, ხვალ დაიდოს, დარწმნულებული ვარ, რომ ის პოლიტიკურ ინტერესებზე იქნება მორგებული",- განუცხადა "პირWელს" სესიაშვილმა.

NDI-მ ხვალ კვლევის პოლიტიკური შედეგები უნდა გამოაქვეყნოს.