ყაზახეთის პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი ევროკავშირისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ერთობლივი კონფერენციის მოწყობის წინადადებით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ნაზარბაევის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.
"ბევრისთვის დასავლეთში ევრაზიის ეკონომიკური კავშირი აღიქმება ბუნდოვნად. ზოგი ფიქრობს, რომ ეს არის "საბჭოთა კავშირის გაცოცხლების" პროექტი. ამიტომაც გთავაზობთ გავმართოთ ამ ორი ორგანიზაციის ერთობლივი კონფერენცია, რათა ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა ამ საკითხის ყველა პუნქტი განიხილონ და ჩვენ შევძლოთ ორმხრივი ვაჭრობის დაწყება", - განაცხადა ნურსულთან ნაზარბაევმა.
მისივე თქმით, თუ ევროკავშირი, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია დაიწყებენ თავისუფალ ვაჭრობას, ეს მთელ ევრაზიას უდიდეს სარგებელს მოუტანს.