მსოფლიომ შეძლო შეემცირებინა ტერორისტების ხელში ბირთვული იარაღის მოხვედრის ალბათობა

მსოფლიომ შეძლო შეემცირებინა ტერორისტების ხელში ბირთვული იარაღის მოხვედრის ალბათობა

აშშ-ს პრეზიდენტის, ბარაქ ობამას განცხადებით, მსოფლიო თანამეგობრობამ შეძლო არსებითად შეემცირებინა იმის ალბათობა, რომ ბირთვული იარაღი ტერორისტების ხელში მოხვედრილიყო. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკის პირველმა პირმა ბირთვული უსაფრთხოების საერთაშორისო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თუმცა, მისი თქმით, ეს საშიშროება მსოფლიო უსაფრთხოებისთვის კვლავაც მთავარი თემაა. "ერთად მუშაობის შედეგად, ჩვენმა ქვეყნებმა მიაღწიეს იმას, რომ ტერორისტებისთვის გაცილებით რთული გახდა ბირთვულ კომპონენტებზე წვდომა. ჩვენ არსებითად შევამცირეთ ეს რისკი. მსოფლიოში ჯერ კიდევ რჩება 2 ათასი ტონა მასალა, რომელიც შესაძლებელია ბირთვული იარაღის შესაქმნელად. მცირე რაოდენობით პლუტონიუმიც კი საკმარისია ასობით ათასი ადამიანის მოსაკლავად ან დასასახიჩრებლად. ეს იქნებოდა ჰუმანიტარული, პოლიტიკური, ეკონომიკური და ეკოლოგიური კატასტროფა, რომლის გლობალური შედეგები ათწლეულობით გაგრძელდებოდა", - განაცხადა ობამამ.