თბილისის საკრებულოში უკრაინული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც უკრაინული დიასპორის მიერ, კიევის ქუჩის კეთილმოწყობის პროექტზე იმსჯელეს.
საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის სახელწოდებაა "უკრაინული გაზაფხული კიევის ქუჩაზე" და მისი განხორციელება უკრაინელი და ქართველი ხალხის მეგობრობის ნიშნად აპრილში დაიწყება.
პროექტი თბილისის საკრებულოს ფრაქციის "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის", ფრაქციასთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის, უკრაინული დიასპორისა და უკრაინის საელჩოს ერთობლივი ინიციატივით განხორციელდება.
შეხვედრაზე ფრაქციის თავმჯდომარემ, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ ქართველი და უკრაინელი ხალხების მეგობრობაზე, პროექტის მნიშვნელობაზე და ორ ერს შორის ურთიერთობის გამყარებისკენ მიმართულ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგორც რიმა ბერაძემ განაცხადა, პროექტი "უკრაინული გაზაფხული კიევის ქუჩაზე" უკრაინელი და ქართველი ხალხის მეგობრობას კიდევ უფრო გააღრმავებს.
შეხვედრას ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილეები ლადო გოგსაძე და ზურაბ ბაქანიძე, ეთნიკური უმცირესობების საბჭოს კოორდინატორი რიტა ხიდირბეგიშვილი, კიევის ქუჩის საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები და ამავე ქუჩის მცხოვრებლები ესწრებოდნენ.