"ჩვენი სწრაფვა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისათვის არ ნიშნავს რუსეთის წინააღმდეგ წასვლას"

საქართველომ უნდა დაარწმუნოს რუსეთი, რომ მისი სწრაფვა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისათვის, არ ნიშნავს რუსეთის წინააღმდეგ წასვლას.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი EFE-სთან ინტერვიუში საუბრობს.

 "ყველანაირ რესურსს გამოვიყენებთ იმის დასამტკიცებლად, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია არ ნიშნავს რუსეთის ინტერესების  წინააღმდეგ მოქმედებას“, - აღნიშნა  კვირიკაშვილმა, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ორი ძირითადი პრიორიტეტისა და მისი ძალაუფლების მქონე მეზობლის წინააღმდეგობასთან დაკავშირებით.

უცხოური მედიის ინფორმაციით, "საქართველოს მთავრობის მეთაურმა, რომელიც  თანამდებობას იკავებს გასული წლის დეკემბრიდან, გამოხატა ინტერესი ოფიციალურ თბილისსა და მოსკოვს შორის 2008 წელს. გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისადმი, რომელიც გამოწვეული იყო ე.წ. სამხრეთ ოსეთის ომისა  და საქართველოს მტკიცე პროდასავლური პოლიტიკის მიმართულების გამო".

„რუსეთთან გვაკავშირებს ხანგრძლივი ისტორიული ურთიერთობები, რელიგია, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში იგი (რუსეთი) უგულებელყოფს საქართველოს პოლიტიკურ ნებას დაიცვას თავისი მომავალი“, -  ხაზგასმით აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, „რუსმა პოლიტიკოსებმა უნდა გაიგონ, რომ ურთიერთობების ნორმალიზაცია შესაძლებელია, მხოლოდ მაშინ, თუ ისინი პატივს სცემენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

როგორც ცნობილია, საქართველოს რუსეთთან აქვს დიალოგი საერთაშორისო ფორმატში, რომელშიც მონაწილეობს ევროკავშირი და ამერიკა, მაგრამ ასევე არაფორმალური მოლაპარაკებები მიმდინარეობს თბილისისა და მოსკოვის წარმომადგენლებს შორის.

„პროგრესია ეკონომიკურ ურთიერთობებსა და ჰუმანიტარულ საკითხებში, გაიზარდა ვაჭრობა და ტურიზმი“, - აღნიშნა პრემიერმა.

მან ასევე აღიარა, რომ „პოლიტიკურ ჭრილში, სამწუხაროდ, არაა წინსვლა“, რადგან „რუსეთი აგრძელებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში პოლიტიკური სტუქტურებისა და ჯარის ინტეგრაციას რუსულ სივრცეში და ხელს აწერს შეთანხმებებს ინტეგრაციასა და თანამშრომლობაზე. მიუხედავად ამისა, კვირიკაშვილმა დასძინა, რომ „საქართველო მზადაა, მოძებნოს კონსტრუქციული გზები რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციისათვის და რომ საქართველომ მრავალ ფორუმზე არაერთხელ განაცხადა, რომ ის არასდროს მიმართავს სამხედრო ძალას პრობლემის გადასაჭრელად“.

რაც  შეეხება საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, კვირიკაშვილმა ხაზგასმით ახსენა ხელმოწერა საქართველოსა და ბრუსელს შორის ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერისა და თავისუფალი ვაჭრობის ფართო შეთანხმების ფაქტები, რომლებიც შლის საზღვრებს და დაბლა წევს  ტარიფებს ოცდარვა ქვეყანასთან.

„ალბათ უფრო მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომლებიც ასოცირდება ამ პროცესთან და გარდაქმნის ქვეყანას ნამდვილ ევროპულ სახელმწიფოდ. ასევე, პოლიტიკური სისტემის რეფორმა, რათა გაუმჯობესდეს დემოკრატია და, რა თქმა უნდა, საბაზრო ეკონომიკის ინსტიტუციების ევროპული სტანდარტებით შენება.“

"გვჯერა, რომ საქართველო უბრუნდება თავის ევროპულ ფესვებს, რადგან საქართველო ისტორიულად ევროპის ნაწილი იყო, თავისი კულტურით, ტრადიციებით, და გვჯერა, რომ „სახლში“ დაბრუნება ბუნებრივი პროცესია.“

პრემიერს მიაჩნია, რომ უვიზო რეჟიმის შემოღება ლოგიკური ნაბიჯია, რადგან თუ ქართველ ახალგაზრდებს და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს არ შეეძლებათ ევროპაში უპრობლემოდ გადაადგილება, მაშინ არც ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმებები მოუტანს საქართველოს შესაბამის შედეგს.

მან აღნიშნა, რომ ,,საქართველო აკმაყოფილებს ყველანაირ ტექნიკურ მოთხოვნას“ და ეს ევროპულმა კომისიამაც აღიარა.

კვირიკაშვილმა დაამატა, რომ  უვიზო მიმოსვლა შეეხება ხანმოკლე მოგზაურობას, როგორც საქმიანს, ასევე ტურისტულს.

ევროატლანტიკური მიმართულებით საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უელსის სამიტზე 2014 წელს, „მიიღო მნიშვნელოვანი პაკეტი,  რომლის უმთავრესი შედეგია ნატოს წვრთნის ცენტრი, რომელიც ახლახანს გაიხსნა კავკასიის ამ ქვეყანაში და გარდა ამისა, ხორციელდება  საერთო წვრთნები ნატოს წევრ ქვეყნებთან.

"ვმონაწილეობთ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, ავღანეთში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, რადგანაც საქართველო არა მხოლოდ თვითონ სარგებლობს საერთაშორისო უსაფრთხოებით, არამედ  თავისი წვლილი შეაქვს  საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით“.

ამიტომ, პრემიერი კვირიკაშვილი ელოდება აღნიშნული ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობაზე მესიჯს და ასევე დამატებითი კომპონენტების მიღებას, რათა გაუმჯობესდეს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობა.

უკრაინის შესახებ პრემიერმა აღნიშნა, "უკრაინის უფლებები ისევე შეილახა, როგორც საქართველოსი“ და დაამატა, რომ ოფიციალური თბილისი მხარს უჭერს  უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის, აწ უკრაინის მოქალაქის, რომელსაც ოფიციალური თბილისი ამხელს ძალაუფლების გადამეტებაში, ოდესის გუბერნატორად დანიშვნაზე, კვირიკაშვილი აღნიშნავს, რომ მმართველ თანამდებობებზე დანიშვნები არის სახელმწიფოს შიდა საქმე და წუხს, რომ  უკრაინამ არ გაითვალისწინა საქართველოს შეცდომები წარსულში.

პრემიერ-მინისტრი ახლო მომავალში გაემგზავრება  შეერთებულ შტატებში, რომელიც არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ძლიერი მოკავშირე ტერიტორიული მთლიანობის საკითხში ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

„გვაგქვს ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო კლიმატი, მსოფლიო ბანკის რეიტინგების მიხედვით, მარტივი საგადასახადო სისტემა, რომელიც მოიცავს ექვსი ტიპის გადასახადს და ასევე მალე დავნერგავთ ახალ რეფორმას ესტონური მოდელის მიხედვით, მოგების ნული  გადასახადი,  თუ მოგება კვლავ მოხმარდება ბიზნესის განვითარებას.“

მიმდინარე რეფორმების გარდა, კვირიკაშვილმა  ისაუბრა ქვეყანაში არსებულ  დემოკრატიულ ცვლილებებზე, დაწყებული 2012 წლიდან სააკაშვილის მმართველობის დასასრულს, რომელიც განხორციელდა კოალიცია ,,ქართული ოცნების“ მოსვლისთანავე ხელისუფლების სათავებში და რომ ოქტომბრის არჩევნებში მოსალოდნელია ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობაში.

„მნიშვნელოვანი წინსვლები ადამიანის უფლებების დაცვაში, კარგი მმართველობის ინდიკატორები, სტაბილურობა, გამოხატვის თავისუფლება. ასევე შევქმენით ჯანმრთელობის უნივერსალური სისტემა და ქართველი ხალხი გრძნობს ამ ცვლილებას“, - აღნიშნა პრემიერმა.

მან  ასევე ისაუბრა მომავალ რეფორმებზე, ახალი საწარმოების მხარდაჭერაზე, საგანმანათლებლო რეფორმასა და ინფრასტუქტურული პროექტების დაჩქარებაზე.

http://www.eldiario.es/politica/Kvirikashvili-apuesta-UE-OTAN-Rusia_0_500450687.html