ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ხელძღვანელი გიზო ღლონტი პროკურატურას გარკვეული დოკუმენტაციის დამალვაში ადანაშაულებს.
როგორც პროცესზე დაკითხვისას გიზო ღლონტმა აღნიშნა, "სილქნეტთან" ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შედგა საიჯარო ხელშეკრულება 21 წლის ვადით, სადაც წერია, რომ სახელმწიფო ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის 24 წვერს, პრაქტიკულად, უფასოდ იღებს.
მისივე თქმით, ხელშეკრულებას თან ახლდა დანართიც, რომელიც განსაზღვრავდა 21 წლის შემდეგ "სილქნეტთან" თავდაცვის სამინისტროს ურთიერთობას, თუმცა ბრალდებულის მტკიცებით, აღნიშნული დოკუმენტაცია საქნეში არ დევს.
როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფომ კოლოსალური თანხები დაზოგა "სილქნეტთან" გაფორმებული ხელშეკრულებით, "რომლითაც შესყიდულია 24 წვერი, აქედან 8 წვერით სარგებლობს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო 16 წვერი გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს".
"როდესაც გავიგე რა ფასად ემსახურება დელტაკომი სხვა უწყებებს, დავრწმუნდი, რომ ამ ხელშეკრულებით სახელმწიფო კოლოსალურ თანხებს დაზოგავს. ამაზე ინფორმირებული იყო ბატიაშვილიც, ქუმსიშვილიც და მთლიანად მთავრობაც. თუ ეს ასე არ არის, მაშინ რატომ არ დაიკითხა გეგეჭკორი, ალასანია, ხადური, ღარიბაშვილი?", - განაცხადა გიზო ღლონტმა.