ცალსახა იყო, რომ ეს კოალიცია ვერ გასტანდა არჩევნებამდე, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ აბაშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, კოალიცია, როგორც ასეთი, საკმაოდ დიდი ხანია აღარ არსებობს.
როგორც აბაშიძემ აღნიშნა, მარტივი ასახსნელია ის, თუ რატომ სურდა ყველას დარჩენილიყვნენ "ქართულ ოცნებასთან" ერთად.
"მათი შანსები საპარლამენტო არჩევნებში არ გამოიყურება საკმაოდ დამაჯერებლად. ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველას სურვილი იყო, გაეგრძელებინათ კოალიციურ რეჟიმში არჩევნებზე გასვლა.
საზოგადოებას ნუ შევიყვანთ შეცდომაში და ნუ დავიყრით თავზე ნაცარს, რომ ძირითადი საკითხები კოალიციებში და ალიანსებში არის ის კვოტები და ის პოლიტიკური წილები, რომლებსაც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თითოეული პარტია", - განაცხადა აბაშიძემ.
რაც შეეხება "რესპუბლიკელების" მთავრობაში დარჩენას, აბაშიძის განცხადებით, რა თქმა უნდა, მათ თანამდებობების დაკარგვა არ სურთ.
"უნდათ, რომ შეინარჩუნონ თანამდებობები მთავრობაში, ამავდროულად თან იყვნენ კოალიციაში, თან არ იყვნენ. რა თქმა უნდა ეს გარკვეულ ბუნდოვანებას უქმნის საზოგადოებას", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.