,,რესპუბლიკელი" ლევან ბერძენიშვილი ,,ეს შენ გეხებას" წარმომადგენლების იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც მთავარი პროკურორის გადადგომას შეეხება.
როგორც ბერძენიშვილმა ,,ინტერპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, არასამთავრობოების ეს მოთხოვნა უსაფუძვლოა.
,,არასამთავრობო სექტორს ყველაფერი შეუძლია თქვას, მაგრამ ახლა ამ წუთას, როცა მიმდინარეობს გამოძიება და უნდა დაიდოს შედეგები, ეს მოთხოვნა არ არის დამაჯერებელი. ხან ნდობას უცხადებენ პროკურატურას, სწორედ ეს ორგანიზაციები და ქალბატონი, რომელიც ,,საერთაშორისო გამჭვირვალობიდან" არის, იმდენად ენდობოდა პროკურატურას, რომ არჩევნების შედეგების და ქართველი მინისტრების დანაშაულს გამოძიებას ითხოვდა. ეს ქალბატონი ხან არ ენდობა პროკურატურას, ცოტა არ იყოს ვერ გავიგე. მართალი გითხრათ, მერყეობას ვატყობ, პოზიციონირებას, რომელიც ძალიან გავს პოლიტიკას და არა არასამთავრობო სექტორს. მათ აქვთ უფლება მოითხოვონ, მაგრამ რას ნიშნავს ეს მოთხოვნა, არ ვიცი. კანონით ბევრი რამის სურვილი შეიძლება მათ ჰქონდეთ, მაგრამ თუ აქვთ წაკითხული, მაშინ მთელი საქართველო, რომ ადგეს ფეხზე და მოითხოვოს მთავარი პროკურორის გადაყენება, ვერ გადავაყენებთ. იმიტომ არის ის დამოუკიდებელი და არჩეულია ექვსი წლით. მხოლოდ შეიძლება მისი იმპიჩმენტი მოხდეს, თუ იციან ეს მექანიზმები და თუ ხედავენ ამის შანს, კარგია, თუ არა, მაშინ რა აზრი აქვს ამაზე საუბარს", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
კამპანია "ეს შენ გეხება" განმარტავს, თუ რატომ მოითხოვს მთავარი პროკურორისგან თანამდებობის დატოვებას. როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ირაკლი შოთაძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს იქედან გამომდინარე, რომ მან ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება, გამოიძიოს ისეთი ტიპის საქმეები, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებს ეხება.