"რესპუბლიკელი" მინისტრები დროებითი მინისტრები არიან

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი წევრი, საკრებულოს დეპუტატი დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ "რესპუბლიკელი" მინისტრები დროებითი მინისტრები არიან.

როგორც დავით ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იქნებიან თუ არა "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლები მინისტრები არჩევნების შემდეგაც, ეს არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული.

"რა თქმა უნდა, დროებითი მინისტრები არიან. არჩევნების მერე იქნებიან თუ არა ისევ მინისტრები, ეს არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული. თუ არჩევნებზე წარმატებით გამოვედით, რისი იმედიც აქვს "რესპუბლიკურ პარტიას", მაშინ შეიძლება პრეტენზია გვქონდეს რაღაცაზე. თუ ვერ გამოვედით წარმატებით, ვინც გამოვა წარმატებთ, მთავრობას ის დააკომპლექტებს. საპარლამენტო რესპუბლიკის თავისებურება ასეთია, მთავრობას აკომპლექტებს პარლამენტი", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

მისივე განმარტებით, საპარლამენტო არჩევნებში რა ძალებიც გაიმარჯვებენ და ვინც უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი, ისინი დააკომპლექტებენ მთავრობას.

დავით ზურაბიშვილმა ისაუბრა არჩევნებში "რესპუბლიკური პარტიის" შანსებზეც და აღნიშნა, რომ პარტიას აქვს პრეტენზია ბარიერიც გადალახონ და პარლამენტშიც "საკმაოდ ნორმალურად" იყვნენ წარმოდგენილები.