მმართველი გუნდი ვერ აკონკრეტებს, თუ როდის მოისმენენ პარლამენტში, პლენარული სხდომის ფორმატში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანგარიშს. მოსმენა დღეს არ გაიმართება.
ვახტანგ გომელაურის ანგარიშის მოსმენის საკითხი დღევანდელი სესიის გახსნისას ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ დასვა, რომელმაც აღნიშნა, რომ "დიდი ხნის წინ დაპირებული და ნაქები პროცესი, რომ პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი წარსდგებოდა, რაც სტრუქტურის გამჭვირვალობასა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალებულებას ნიშნავს, რაღაც მიზეზების გამო არ შედგება".
აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ შემდეგი განმარტება გააკეთა: ვახტანგ გომელაური მოსასმენად ოთხშაბათს ჩამობრძანდა და დღეს ვერ იქნება. მან თავადვე განაცხადა, რომ დღეს მას არ შეეძლო, სხვა მნიშვნელოვანი სამსახურებრივი მოვალეობა არ აძლევდა საშუალებას ჩვენთან ყოფილიყო. ასე რომ, ამ კონკრეტულ თემაში რაიმე დიდ სიახლეს ვერ ვხედავ. უამრავ შემთხვევაში, მომხსენებლის არ და ვერ ყოფნის გამო, საკითხები გადადებულა. საკითხები გვაქვს, რომლებიც სამი-ოთხი თვეა გადადებულია, რადგან მომხსნებელი მოხსენების გაკეთებას ვერ ახერხებს.
როგორც დავით უსუფაშვილმა განმარტა, ვახტანგ გომელაური პარლამენტში აუცილებლად მოვა და თარიღს მოგვიანებით ბიურო განსაზღვრავს.
პარლამენტის პლენარული სხდომა 30 მარტს ვერ ჩატარდა. მიზეზი კვორუმის არქონა იყო. შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოსმენა ჩაიშალა.
"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, სუს-ის უფროსი წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1 აპრილისა, პარლამენტს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველ ანგარიშს წარუდგენს. ასეთი დოკუმენტი, წერილობითი ფორმით, პარლამენტში 28 მარტს შევიდა, 29 მარტს კი ის საკომიტეტო მოსმენის ფორმატში დეპუტატებს სუს-ის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ გააცნო.
კანონი ასევე ითვალისწინებს სუს-ის ანგარიშის მოსმენას და პარლამენტის მიერ დადგენილების მიღებას პლენარულ სხდომაზე, რაც 30 მარტს იყო დაგეგმილი, მაგრამ სხდომა ჩაიშალა.