ქალაქ გორის მერი დინოზავრების პერიოდის გადმონაშთია, თუ საქმეს არ გააკეთებს, მისი თავი ქალაქში გაგორდება, - ამის შესახებ გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველმა ირაკლი ოქრუაშვილმა საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, გორის მერი იურული ეპოქის გადმონაშთია.
"ქალაქის მერი არის იურული პერიოდის გადმონაშთი. მარტივად რომ ვთქვა, ეს არის დინოზავრების პერიოდი. ის არ ცხოვრობს ამ ქალაქში. მოწყვეტილია რეალობას, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რა ხდება გარეთ, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, მის კისერზე "დამოკლეს მახვილი" უკვე დადებულია. უნდა აირჩიოს, ან გამოვა კაბინეტიდან, გავა ქალაქში და გაინძრევა, ან მის კისერზე "დამოკლეს მახვილი" დაეშვება და მისი თავი ქალაქში გაგორდება. მისი არჩევანია რომელს გადაწყვეტს", - განაცხადა ოქრუაშვილმა.
დღეს გორში გამართულ საკრებულის სხდომაზე დეპუტატები და მოვაჭრეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ხმაურის მიზეზი კი ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ინიცირებული ის საკითხი გახდა, რომელიც ყოფილი ბაზრის სიახლოვეს, დროებით ბაზრის მოწყობას ითვალისწინებს.
მოვაჭრეები აღნიშნულ საკითხს იწონებენ, თუმცა, ქალაქის მერი და დეპუტატთა დიდი ნაწილი მას ეწინააღმდეგება, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოჰყვა.