გთხოვთ გავითვალისწინოთ, რომ ვართ საქართველოს პარლამენტში და არა "ქართული ოცნების", "ნაციონალური მოძრაობის" ან "თავისუფალი დემოკრატების" თავყრილობაზე, - აღნიშნული განცხადებით პარლამენტის პლენარული სხდომის გახსნისას კოლეგებს დავით უსუფაშვილმა მიმართა.
უსუფაშვილმა პარლამენტის შესაბამის სამსახურს დაავალა, პარლამენტის ვებ-გვერდზე დღესვე დადოს 30 მარტის სესიის რეგისტრაციის მონაცემები – ვინ იყო პარლამენში, ვინ – არა, რატომ არ შედგა სხდომა და რატომ ვერ გაიმართა უშიშროების სამსახურის უფროსის მოსმენა.
"ჩვენ ვმართავთ საქართველოს პარლამენტის სხდომას. 30 მარტს საქართველოს პარლამენტის სხდომა ვერ შედგა – არა უმრავლესობის სხდომა ვერ შედგა, არამედ – საქართველოს პარლამენტის სხდომა. საქართველოს პარლამენტის წევრები ვართ ყველა. ამ ინსტიტუტის გამართულ ფინქციონირებაზე პასუხისმგებლები ვართ ყველა – ამიტომ ყოველგვარი კენჭების სროლა აქეთ-აქეთ, ვინ სწორად იქცევა და ვინ – არა, თუ მხოლოდ თავისი რიგებით ვერ უზრუნველყოფს პარლამენტის მუშაობას, ეს ხალხი თუ ის ხალხი, ვინც აქ ზის და პოლიტიკური მოტივებით რეგისტრაციაც არ გადის - ამის შეფასება ამომრჩეველმა გააკეთოს", - მიმართა კოლეგებს პარლამენტის თავმჯდომარემ.
დღევანდელი სხდომა განმეორებითი კენჭისყრისას გაიხსნა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარული სხდომა ვერ ჩატარდა 30 მარტს. მიზეზი კვორუმის უქონლობა იყო. შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოსმენა ჩაიშალა.