ჩვენ იქამდე მივედით, რომ საკუთარი თავის გვეშინია, - ეს განცხადება ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა "ამერიკის ხმის" რუსულ რედაქციასთან ინტერვიუში, ნატო-რუსეთის ურთიერთობებზე საუბრისას გააკეთა.
ინტერვიუში მინისტრი ამბობს, რომ მისი ქვეყანა საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერის თაობაზე პოზიციას ინარჩუნებს.
მისივე თქმით, ნატო-მ წარსულიდან გაკვეთილი უნდა ისწავლოს და საკუთარი მოქმედებისა თუ უმოქმედობის შედეგები გათვალოს.
ლინას ლინკევიჩიუსმა შეცდომებზე საუბრისას 2008 წლის ბუქარესტის სამიტი გაიხსენა, რომელზეც საქართველოს და უკრაინას ალიანსმა სამოქმედო გეგმა არ შესთავაზა. ლინკევიჩიუსის აზრით, ამ გადაწყვეტილებამ რუსეთი წააქეზა და შედეგად, საქართველოში შეჭრა და მოგვიანებით ყირიმის ანექსია მოიტანა.
"ზოგიერთმა (ნატო-ს წევრმა) ჩათვალა, რომ ეს პროვოკაცია იქნებოდა. ზოგიერთ კოლეგას ეგონა, რომ ეს რუსეთისთვის სიგნალი იქნებოდა, რომ ჩვენ მათ ინტერესებს ვეცილებოდით. ეს, ჩემი აზრით, დიდი შეცდომა იყო," – განაცხადა ლინკევიჩიუსმა.
მისივე თქმით, ნატო-ს ზოგიერთ წევრს რუსეთის მიმართ არამართებული დამოკიდებულება აქვს, მაგალითად, რამდენიმე ქვეყანას 2008 წელს და მას შემდეგაც, მიაჩნდა, რომ მოვლენებისთვის ზუსტი სახელის დარქმევა, რუსეთის მიმართ მკაფიო გზავნილის გავრცელება პროვოკაცია იქნებოდა.
"ჩვენ იქამდე მივედით, რომ საკუთარი თავის გვეშინია. აქ საქმე რაიმე სახის აგრესიასთან ხომ არ გვაქვს? მე პირადად, როცა ვსაუბრობ იმაზე, რომ თანმიმდევრულები ვართ ჩვენს პოზიციებში, სწორედ 2008 წელს ვგულისხმობ. მაშინ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იმის გამო არ მივიღეთ, რომ არ გვინდოდა (რუსეთის) პროვოცირება," – განაცხადა მინისტრმა.
ლინკევიჩიუსის განცხადებით, ნატო-ს მიერ წვრთნების ჩატარების დაყოვნებამ, ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის და უკრაინისთვის სამოქმედო გეგმის არმიცემამ და სხვა ბევრი მიმართულებით სიფრთხილის გამოჩენამ რუსეთს ანიშნა, რომ მას მოქმედება შეეძლო იმ ვაკუუმის ამოსავსებად, რომელსაც ნატო ტოვებდა. თუმცა, მისი თქმით, რუსეთი ნატოსგან გასხვავებული მეთოდებით მოქმედებს.
"ყველა ხომ კულტურულად არ იქცევა. ზოგიერთები ძალის გამოყენებით აკეთებენ საქმეს. საქართველოს ტერიტორიების ანექსიაც სწორედ ასე მოხდა. ჩვენ ვამბობდით, რომ ამას დამატებითი შედეგები მოჰყვებოდა და მაშინ, სხვათა შორის, ყირიმზე, დნესტრისპირეთზე, სხვა გაყინულ კონფლიქტებზე ვსაუბრობდით. ჩვენ (ნატომ) თუ ასე გავაგრძელეთ მოქცევა, სხვა გაყინული კონფლიქტებიც არსებობს, რომლებიც ნებისმიერ დროს შეიძლება გააქტიურდეს. ამ შეცდომებიდან ნატო-მ ვერაფერი ისწავლა", - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ერთადერთი მხარე, რომელიც ნატო-ს მოქმედებებზე დაყრდნობით გარკვეულ დასკვნებამდე მივიდა, რუსეთი იყო.
"მოსკოვმა გაიგო, რომ ასე მოქმედება შეუძლია; რომ შეუძლია მოახდინოს სახელმწიფოს ნაწილის ანექსია მისთვის მინიმალური უარყოფითი შედეგებით. მოგეხსენებათ, რუსეთ-საქართველოს ომიდან რამდენიმე თვეში ურთიერთობები ნორმალურ ფარგლებს დაუბრუნდა და 2008 წელს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების, ე.წ.სარკოზის გეგმის, პირობებს რუსეთი დღემდე არ ასრულებს", - ამბობს ლინკევიჩიუსი.
ლიტვის პირველ დიპლომატს მიაჩნია, რომ დღეს ევროპაში იგივე დამოკიდებულება შეინიშნება, რაც 2008 წელს იყო. მისივე თქმით, დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთს სანქციები მოეხსნას და ურთიერთობები კვლავ ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს.
"არ შეიძლება ამის გაკეთება. ეს ძალიან ხანმოკლე წარმატება იქნება. ჩვენ ისევ დავუბრუნდებით ძველ სიტუაციას და მერე გაგვიკვირდება რატომ მოხდა სადღაც რაღაც. არ მინდა ახლა ჩამოვთვალო სად რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ ყველამ ვიცით სად არის გაყინული კონფლიქტები, რომლებიც უბრალოდ გაღვიძების საკუთარ რიგს ელოდება", - განაცხადა ლინკევიჩიუსმა.
დიპლომატის თქმით, დასავლეთის ზოგიერთ პოლიტიკურ წრეში, უკანასკნელ პერიოდში გამოიკვეთა შეხედულება, რომ რუსეთის აგრესია დასავლეთის ბრალია, შეხედულების მხარდამჭერები ასევე ამბობენ, რომ იმის გამო, რომ ნატო-ს გაფართოება რუსეთის სამხედრო დოქტრინაში ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ყველაზე დიდ საშიშროებადაა გაწერილი, ალიანსმა გაფართოების პოლიტიკა უნდა შეწყვიტოს და არსებულ ფარგლებში გააძლიეროს საკუთარი თავდაცვა.
"ჩვენ საკუთარ თავს არ უნდა ვადანაშაულებდეთ იმაში, რომ რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. ეს ჩვენ არ გაგვიკეთებია! მაგრამ იმით, რომ რაღაცეებზე თვალს ვხუჭავთ, ვივიწყებთ საკუთარ მოთხოვნებს, ვაწარმოებთ ეგრეთწოდებულ, არა-პროვოკაციულ პოლიტიკას - რომელიც მე მიმაჩნია, რომ სწორედ პროვოკაციულია - ხელს ვუწყობთ წაქეზებას. ჩვენ მომხდარში თავი არ უნდა დავიდანაშაულოთ, მაგრამ ვალდებულები ვართ პასუხისმგებლობა გავიზიაროთ", - მიიჩნევს მინისტრი.
როგორც ლინკევიჩიუსმა აღნიშნა, პასუხისმგებლობის განაწილებაში ის იმას გულისხმობს, რომ ნატო პრობლემის გადაჭრაზე უნდა მუშაობდეს, მაგრამ უმოქმედობით ის პრობლემის ნაწილი ხდება.
"არ ვიყენებთ ჩვენს გავლენას, რომლის გამოყენება არათუ შეგვიძლია, არამედ გვევალება. ამაში არაფერი აგრესიული არ იქნება, ეს ჩვენი თანმიმდევრულობის გაგრძელება იქნება," – განაცხადა ლინკევიჩიუსმა.
ინტერვიუს თარგმანს ”ამერიკის ხმის” ქართული რედაქცია ავრცელებს.