პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფის საქმეზე ჩატარებულია 200-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძემ განაცხადა.
"მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით პროკურატურა შეზღუდულია ისაუბროს გამოძიების მიმდინარეობის დეტალებზე, საზოგადოებას გავაცნობ მოკლე ინფორმაციას ამ დრომდე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. შექმნილი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის მიერ, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც პროკურატურის, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებით, ჩატარებულია 200-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. კერძოდ, საგამოძიებო ჯგუფის მიერ დამნაშავე პირების გამოვლენის მიზნით, თბილისის მასშტაბით, 25 სხვადასხვა საცხოვრებელ მისამართზე ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა სხვადასხვა ინფორმაციის შემცველი 166 ერთეული CD და DVD დისკი, 26 ერთეული კომპიუტერი, 37 ერთეული მობილური ტელეფონი, 86 ერთეული სიმბარათი, 53 ერთეული მეხსიერების ბარათი, 5 ერთეული გარე მეხსიერების მყარი დისკი; ჩატარდა ელექტრონული ინფორმაციის შემცველი 41 ობიექტის დათვალიერება, ხოლო ჩხრეკის შედეგად ამოღებულ 59 ობიექტზე დანიშნულია კომპიუტერული ექსპერტიზა; გამოძიებისთვის საინტერესო ობიექტებიდან გამოთხოვილია გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები; მოწმის სახით გამოიკითხა 50-მდე პირი. გამოძიებისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის მოპოვების მიზნით საზღვარგარეთის ქვეყნებში გაგზავნილია საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების 16 შუამდგომლობა, რომლის ეფექტურად შესრულების და დაჩქარების მიზნით ქართული მხარე აქტიურად თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან", - განაცხადა ვასაძემ.
მისივე თქმით, გამოძიება წარმოებს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით და იგი მოიცავს ბოლო პერიოდში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და ინტერნეტსივრცეში გავრცელების ფაქტების გამოძიებას.
"საქართველოს პროკურატურა, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) წარმომადგენლობასთან აქტიური კონსულტაციების რეჟიმში განაგრძობს ინტენსიურ გამოძიებას აღნიშნულ დანაშაულთან კავშირში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად.
საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოჩენილი ძალისხმევისა და გამოძიების პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის საქართველოში ამერიკის საელჩოს და ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურ ბიუროს", - აღნიშნა მთავარი პროკურორის მოადგილემ.