საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ფორმასთან დაკავშირებით "ეროვნული ფორუმის" გადაწყვეტილება 3 აპრილს დაგეგმილ ყრილობაზე გახდება ცნობილი.
"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე – აპირებს თუ არა "ეროვნული ფორუმი" არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა და განიხილავს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას, "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ანი მიროტაძემ განაცხადა, რომ რამდენიმე ვარიანტი განიხილება, რომელზეც პარტია სწორედ ყრილობაზე იმსჯელებს.
"იცით, რომ ვემზადებით ყრილობისთვის. ჩვენ შევეკითხებით ჩვენი პარტიის წევრებს, როგორ მოვიქცეთ. ვიდრე არ ჩატარებულა ყრილობა, მე ძალიან გამიჭირდება იმის თქმა, თუ რას ვიზამთ. ყრილობის ფორმატში ჩვენ შევეკითხებით ჩვენს მხარდამჭერებს არა მხოლოდ იმას, დამოუკიდებლად წავიდეთ თუ არა, არამედ როგორ წარმოუდგენიათ სამომავლოდ თანამშრომლობა კოალიციაში შემავალ პარტიებთან – ისევ კოალიციაში თუ სხვაგვარი ურთიერთობები. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ ჩაგვიტარებია ყრილობა, რაიმე უფრო კონკრეტულს ვერ ვიტყვი, თუმცა რამდენიმე ვერსიას განვიხილავთ", - განაცხადა მიროტაძემ.
მისივე თქმით, პირადად მისი სურვილია "ფორუმმა" დამოუკიდებლად მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა.
"მე პირადად მაქვს გადაწყვეტილი, რომ დამოუკიდებლად მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ ყრილობა ჯერ არ ჩატარებულა და გადაწყვეტილება ყრილობას აქვს მისაღები, არ მაქვს უფლება ამ თემაზე ვილაპარაკო. განწყობები ვიცი. "რესპუბლიკელების" და გიორგი კვირიკაშვილის განცხადებები კოალიციის მომავალთან დაკავშირებით რეალობას ცვლის, თუმცა ჩვენ ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს", - აღნიშნა "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა.