ჟოზეფ დოლი - მიუღებელია, არჩევნების წინ მთავრობა ოპოზიციური ძალის დისკრედიტაციას ახდენდეს

ჟოზეფ დოლი - მიუღებელია, არჩევნების წინ მთავრობა ოპოზიციური ძალის დისკრედიტაციას ახდენდეს

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის, ჟოზეფ დოლის განცხადებით, საქართველოში რამდენიმე საკითხი შეშფოთებას იწვევს. 

როგორც დოლმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს საკითხებია მედიის დამოუკიდებლობა, ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობა, შერჩევითი სამართალი, საარჩევნო კოდექსი, გეოპოლიტიკური სიტუაცია და კორუფცია. მისი თქმით, მიუღებელია, რომ არჩევნების წინ მთავრობა ოპოზიციური ძალის დისკრედიტაციას ახდენდეს.

"ჩვენ შეშფოთებული ვართ ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობით, ისევე, როგორც შეშფოთებულები ვართ თავშეკავებულობით მთავრობის მხრიდან, რომ გამოიძიონ და შეაჩერონ ეს ქმედებები. ზუსტად ამ საკითხებზე მქონდა საუბარი პრემიერ-მინისტრთან. ასეთი ქმედება მთავრობის მხრიდან, რომ არჩევნების წინ დისკრედიტაცია მოახდინოს ოპოზიციის, მიუღებელია", - აღნიშნა დოლმა. 

მისივე თქმით, სამართლებრივი სისტემა უნდა იყოს დამოუკიდებელი და არ იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის, განსაკუთრებით კი სახელისუფლებო პარტიის მხრიდან. რაც შეეხება პრესის თავისუფლებას, როგორც ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი აცხადებს, პრესის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლება. 

"ძალიან ნათელია, რომ იმ ქვეყანაში, სადაც არ არის პრესის თავისუფლება, დემოკრატია არ არსებობს. ჩვენ შეშფოთებული ვართ მედიის მხრივ არსებული სიტუაციით. ველოდებით სწრაფ ქმედებებს, რომ პრესა დარჩენს თავისუფალი, დამოუკიდებელი ნებისმიერ სიტუაციაში და არა მარტო არჩევნების დროს", - განაცხადა ჟოზეფ დოლმა.

მისივე თქმით, ასევე პრობლემებია საარჩევნო კოდექსის რეფორმის თვალსაზრისით. "ამ მიმართულებას ძველებურად ვაკვირდებით. ქვეყნის განვითარებისთვის და მისი დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი და გამჭვირვალე. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ დემოკრატიულ", - განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა. 

რაც შეეხება ტერიტორიულ მთლიანობას, როგორც ჟოზეფ დოლი აცხადებს, ევროპის სახალხო პარტია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. "როგორც სუვერენული ქვეყანა, საქართველოს უნდა შეეძლოს გადაწყვიტოს თავისუფლად მისი გზა ისე, რომ საგარეო მხრიდან არ იყოს ამაში ჩარევა. საქართველო იქნება სტაბილური, რეფორმირებული, განვითარებული ქვეყანა, რომელსაც შეეძლება გაუძლოს რუსულ პრესს. რუსეთს ყველაზე მეტად იმის ეშინია, რომ თქვენ გახდეთ ნამდვილი დემოკრატიული ქვეყანა", - განაცხადა ჟოზეფ დოლმა. 

მისივე თქმით, მის მიერ ჩამოთვლილ საკითხებზე დღეს დეტალური საუბარი ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, რის გამოც შეხვედრა დაგეგმილზე ორჯერ მეტხანს გაგრძელდა. "ჩემი ვიზიტის დროს შევხვდი "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელებს, პოლიტიკურ პატიმრებს, დიპლომატებს, სამოქალაქო საზოგადოებას, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს. ძალიან მოხარული ვარ, რომ ევროპული სურვილი და მისწრაფება საქართველოს მოქალაქეებში ძლიერი რჩება. ეს საუკეთესო გზაა საქართველოს მოქალაქეებისა და მომავლისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას ამ გზაზე საქართველოსთვის, რათა საქართველომ გაიზიაროს ევროპული ღიღებულებები და იყოს ისეთი ქვეყანა, სადაც იქნება კანონის უზენაესობა, სამართლიანი სისტემა და არ იქნება საზოგადოებაში კორუფცია", - განაცხადა ჟოზეფ დოლმა.