მოსკოვი მიუღებელს უწოდებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ფილიპ ჰამონდის საქართველოში გაკეთებულ განცხადებას, რომ რუსეთის ქმედებები საფრთხეს წარმოადგენს.
როგორც რუსული მედია წერს, განცხადება დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩომ გაავრცელა.
"ჩვენთვის მიუღებელია იმის მტკიცება, რომ რუსეთი საერთაშორისო სისტემის ნორმების და წესების იგნორირებას ახდენს და საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში არსებულ წესებს არღვევს", - ნათქვამია საელჩოს კომენტარში.
"ქცევის მიღებულ ნორმებსა და საერთაშორისო სამართალზე თუ ვისაუბრეთ, ერაყი, ლიბია, სირია და იემენი ნათლად მეტყველებენ, თუ ვინ არღვევს სინამდვილეში საერთაშორისო ურთიერთობების სისტემას", - აღნიშნავენ საელჩოში.
როგორც გუშინ, ფილიპ ჰამონდმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "რუსეთი საერთაშორისო სისტემის ნორმების და წესების იგნორირებას ახდენს, რაც, რასაკვირველია, საფრთხეს და გამოწვევას წარმოადგენს ყველა ჩვენგანისთვის".