"თავისუფალი დემოკრატების" წევრი ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ კოალიცია დაშლილია. როგორც "ინტერპრესნიუსს" აბაშიძემ განუცხადა, დღეს შეიძლება ითქვას, რომ კოალიცია აღარ არსებობს.
"კოალიცია დაშლილია, ჩვენ შეგვიძლია წარსულში ვისაუბროთ კოალიცია "ქართულ ოცნებაზე". ეს კოალიცია უკვე დაიშალა. ამის ნიშნები არსებობდა გუშინ, გუშინწინ, ერთი თვის წინ, მაგრამ დღეს შეიძლება ითქვას, რომ კოალიცია აღარ არსებობს. ყველა პარტია დამოუკიდებლად აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. ჩვენ "თავისუფალმა დემოკრატებმა" კოალიციის დატოვების გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მივიღეთ და გამართლდა ჩვენი გადაწყვეტილება ძალიან დიდ ნაწილში. ზოგადად, საზოგადოება და ხალხი დაიბნა. არაორდინალური ვითარება, რომ გეკავოს პოზიციები მთავრობაში, ამავდროულად იყო კოალიციაში და მარტო გადიოდე არჩევნებზე, ეს არის გარკვეულწილად ევროპული ტრადიცია, მაგრამ საზოგადოება საქართველოში ამას არ არის მიჩვეული. მე ვფიქრობ, თვითონ უნდა გაერკვნენ ვინ სად არიან", - განაცხადა აბაშიძემ.
"თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ კოალიციაში შემავალ პარტიებს არჩევნებში დამოუკიდებლად ძალიან დაბალი შანსები აქვთ.
"ამის წინაპირობები იქნება კვლევები. მე როგორც რიგითი ამომრჩეველი, რატომ უნდა დავუჭირო მხარი ცალკე კოალიციაში შემავალ პარტიას? თვითონ ამომრჩეველი სენსიტიურია ამ თვალსაზრისთი თუ სად არიან კოალიციაში შემავალი პარტიები – ხელისუფლებასთან თუ ოპოზიციასთან? არსებული ვითარება რთულ მდგომარეობაში აგდებს კოალიციაში შემავალ პარტიებს. თუ ეს უნდა მომხდარიყო, ეს უნდა მომხდარიყო დიდი ხნით ადრე, რომ გამოეკვეთათ თავიანთი პლატფორმა და ხედვები", - განაცხადა აბაშიძემ.
ამასთან, აბაშიძე დღევანდელ გადაწყვეტილებებს უკავშირებს კვოტებზე შეუთანხმებლობას.
"ის რასაც "რესპუბლიკელები ითხოვდნენ და სხვები, როგორც ჩანს მიუღებელი იყო "ქართული ოცნებისთვის", - განაცხადა აბაშიძემ.