ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჯოზეფ დაული საქართველოს სტუმრობს. დოლი თბილისში წუხელ ჩამოვიდა. EPP-ს პრეზიდენტმა მის მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით მედიასთან განმარტებაც გააკეთა.
"მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები. მე საქართველოს ყოველთვის მივიჩნევდი ქვეყანად, რომელსაც აქვს უფლება და ვალდებულება შეუერთდეს ევროკავშირს. აქ ასევე ვიმყოფები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდასაჭერად. ვხედავ, რომ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩემს განცხადებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. სწორედ ჩვენი პარტია იყო ის, ვინც ყველაზე მეტი იმუშავა და მუშაობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისა და გაწევრიანებისთვის. რაც შეეხება ვიზებს და იმას, რაც მე ვთქვი – მე გულწრფელი ადამიანი ვარ. მართალია, ევროკომისიამ ვიზების საკითხი გადაწყვიტა, მაგრამ წინაა საბჭოს გადაწყვეტიილება და ევროპარლამენტის კენჭისყრა.
თამასა, რომელიც მთავრობამ დააწესა - ივნისის თვე, ძალიან მაღალია. მე პირველი ვიქნები, ვინც ვიზალიბერალიზაციის მომხრეა, მაგრამ არ მინდა იმედების გაცრუება. შეგახსენებთ, რომ ეს ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის და მოქალაქეები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ პროცედურა გრძელდება, რაც ნორმალურია. ეს წესი მოქმედებს არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც", - განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა.
მისივე განმარტებით, პროცესის დასრულებამდე საქართველომ უნდა გააგრძელოს სვლა კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის კუთხით, ასევე ებრძოლოს კორუფციას.
"კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და კორუფციასთან ბრძოლა – ესენია ის, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით. ამიტომაც ვარ აქ, რომ ადგილზე შევისწავლო სიტუაცია, განვიხილო ეს თემები ხელისუფლებასთან, ჩვენს პარტნიორ პარტიასთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან. ვიმსჯელოთ როგორ ვითარდება ქვეყანა და როგორ შეიძლება დავაჩქაროთ პროცესი, რომ საქართველომ, როგორც ევროპულმა ქვეყანამ მეტი სარგებელი მიიღოს", - აღნიშნა ჯოზეფ დაულიმ, რომლის განცხადების თარგმანსაც "რუსთავი 2" ავრცელებს.
EPP-ს პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დახვდნენ. დაულის მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების გამო აეროპორტში აქცია მოუწყვეს "მემარცხენე ალიანსის" წევრებმა.
როგორც ცნობილია, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას EPP, რომელიც ევროპარლამენტის წევრია, მხარს მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების დამოუკიდებლად ჩატარების შემთხვევაში დაუჭერს.