გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს უმასპინძლა

გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს უმასპინძლა

გაერო-ში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და რეგიონში არსებულ ვითარებას ეცნობიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, დელეგაციას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უმასპინძლა.

მთავრობის მეთაურმა ელჩებს მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის შესახებ, რომელიც საგადასახადო სისტემის, მმართველობისა და განათლების სისტემის რეფორმას და ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებას გულისხმობს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო გაერო-სთან საქართველოს თანამშრომლობას და ორმხრივი ურთერთობების გაღრმავების პერსპექტივებს იმ ქვეყნებთან, რომლებსაც ელჩები საერთაშორისო ორგანიზაციაში წარმოადგენენ.

დელეგაციის შემადგენლობაში კოსტა-რიკის, ფიჯის, გვატემალას, ჰონდურასის, მალავის, პანამის, სიერა-ლეონეს, ტანზანიის და ზამბიის მუდმივი წარმომადგენლები იმყოფებიან.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე დაესწრნენ.